„როცა ანათებს, მომაკვდინებელი ხდება“ - იტალიური მედია ხვიჩას თამაშზე
იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „კალიარის“ დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 0:4 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 76 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველმა შემტევმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კვარამ იტალიური მედიისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა.
რას წერენ სააგენტოები:
Calcionapoli1926 – 8 ქულა: შეხვედრა თავიდანვე აქტიურად დაიწყო და როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მეტოქეების უხეშობის მსხვერპლი იყო. მეორე ტაიმი თითქოს მშვიდად დაიწყო, მაგრამ მოულოდნელად აფეთქდა და გოლი გაიტანა, რითაც ანგარიში 2:0 გახდა. შემდეგ ლუკაკუს გაატანინა. უამრავი რეიდი ჰქონდა, რითაც მოწინააღმდეგეს აბნევდა.
Tuttomercatoweb – 7.5 ქულა: თამაშის დაწყებიდან ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ მეტოქის ფეხბურთელები მაშინვე შიშის ქვეშ დააყენა. მის წინააღმდეგ პირველივე წუთს იუხეშეს, თუმცა, ტკივილი მალევე დაივიწყა და თამაში მშვიდად განაგრძო. გოლი ჯერ ლუკაკუს პასით გაიტანა, შემდეგ კი ბელგიელს ვალი დაუბრუნა.
Calciomercato – 7.5 ქულა: თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წამში, კოჭის არეში ძლიერი დარტყმა მიიღო და აშკარად ეტყობოდა, რომ გამწარდა, მაგრამ მაინც მოედანზე დარჩა. არაერთი უხეშობის მიუხედავად, ის ყოველთვის რჩებოდა თამაშის შუაგულში, სანამ გოლს არ მიაგნო და ანგარიში 2:0 გახადა, ამაში კი ლუკაკუ დაეხმარა. 71-ე წუთზე მან ბელგიელს ვალი დაუბრუნა.
Sport.Virgilio – 7.5 ქულა: საუკეთესო თამაში არ ჰქონია და ეპიზოდურად ანათებდა. მაგრამ როდესაც ამას აკეთებს, სასიკვდილოა. ფაქტობრივად, თავისი გოლით მატჩის ბედი გადაწყვიტა.
Tuttonapoli – 7.5 ქულა: ჩვეულებისამებრ, ხშირად დაუსჯელი მეტოქეებისგან მუდმივად იღებდა დარტყმებს. ბურთით ბევრი იმუშავა, მათ შორის არასწორი მიმართულებითაც, თუმცა, მანამ არ გაჩერდა, სანამ სწორი მიმართულება არ იპოვა და ანგარიში 2:0 არ გახადა.
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით მიმდინარე სეზონში 4 მატჩი ჩაატარა და თავი 2-2 გოლითა და ასისტით გამოიჩინა. 4 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 9 ქულით დროებით პირველ ადგილზე იმყოფება, რადგან „ინტერსა“ და „უდინეზეს“, რომლებსაც 7-7 ქულა აქვთ, მიმდინარე ტურში თავისი მატჩი ჯერ სათამაშო აქვთ.
ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 სექტემბერს, სტუმრად „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.