ნაპოლი, რომელუ ლუკაკუ, ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

კვარას გოლი და ასისტი - ნაპოლიმ ზედიზედ მესამედ მოიგო

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და ამჯერადაც „ნაპოლის“ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახლდათ. პარტენოპეიმ ჩემპიონატის მე-4 ტურში სტუმრად „კალიარი“ ყოველგვარი პრობლემების გარეშე, 4:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილს სათავეში დროებით ჩაუდგა.

მიუხედავად იმისა, რომ წინასამატჩო პრეს კონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კვარაცხელიას კოჭის ტრავმაზე გადაჭრით ვერაფერი თქვა და არც ის დაუკონკრეტებია, შეძლებდა თუ არა სარდინიელებთან ქართველი ასპარეზობას, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო გუნდის ლიდერი არ დაასვენა და ის მხოლოდ მაშინ შეცვალა, როდესაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი გახლდათ.

„უნიპოლ დომუს არენაზე“ გამართულ შეხვედრაში სტუმრები კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ დააწინაურა, რომელმაც რომელუ ლუკაკუს პასის შემდეგ საჯარიმოს გარედან დაარტყა და მართალია გზად ბურთი „კალიარის“ მცველს მოხვდა, მაგრამ გოლი მაინც ნეაპოლელთა მარჯვენა მცველს ჩაეთვალა. თუ შესვენებამდე მასპინძლები დიდი ძალებით არ უტევდნენ, მეორე ნახევრის დასაწყისშივე გარისკეს და ამისთვის მწარედ დაისაჯნენ. 66-ე წუთზე, კონტრშეტევისას, რომელუ ლუკაკუმ დასარტყმელ პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელია გაიყვანა, რომელმაც ტერფის გარე ნაწილით ლამაზად აჭრა ბურთი და ნეაპოლელები წინ ორბურთიანი უპირატესობით გაიყვანა.

ზუსტად ოთხ წუთში ხვიჩამ ბელგიელ ფორვარდს ვალი დაუბრუნა, ჩინებული საგოლე პასი მიაწოდა და საკლუბო კარიერაში საიუბილეო, 250-ე ბურთი გაატანინა.

როგორცკი გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა, კონტემ 74-ე წუთზე შეცვლებს მიმართა და კვარაცხელია-ლუკაკუს დუეტს დასვენების საშუალება მისცა. დარჩენილ დროში კიდევ ერთი გოლი გავიდა და მატჩს წერტილი დავიდ ნერეშის მოწოდებული კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით ალესანდრო ბონჯორნომ დაუსვა.

ოთხი ტურის შემდეგ იტალიის მიმდინარე პირველობაზე ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 2 გოლი და 2 ასისტია. მომდევნო ტურში ქართველი და მისი თანაგუნდელები „ნაპოლისთვის“ ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, ტურინის „იუვენტუსს“ სტუმრად შეხვდებიან და თამაში 21 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდნენ - ხვიჩა კონტრაქტს მალე გაახანგრძლივებს
კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდნენ - ხვიჩა კონტრაქტს მალე გაახანგრძლივებს