ფაბრეგასს ბინიდან ასახლებენ - ესპანელი ქირას არ იხდის
სესკ ფაბრეგასს ბინის ქირის გადაუხდელობის გამო სახლიდან გამოსახლება ემუქრება. იტალიის სერია A-ს კლუბ „კომოს“ ესპანელი დამრიგებელი ბისონში ცხოვრობს და ბოლო სამი თვეა ფულს არ იხდის, რის გამოც მისი დავალიანება სახლის მეპატრონის მიმართ 36 ათას ევროს გაუტოლდა და ამ უკანასკნელმა სესკისთვის სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა.
გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი იმ პიროვნებას, რომლის სახლშიც ცხოვრობს, პირადად დაუკავშირდა და დავალიანების სრულად გასასტუმრებლად რამდენიმედღიანი ვადის მიცემა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო და ახლა სასამართლოში მოუწევს საკუთარ საქციელზე პასუხების გაცემა. ასეთი მძიმე არის თუ არა ესპანელი ვარსკვლავის ფინანსური მდგომარეობა, ამაზე იტალიელ ჟურნალისტებს ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვთ და ვარაუდობენ, რომ მას ბინი მეპატრონესთან სერიოზული კონფლიქტი აქვს, რის გამოც მისთვის დავალიანების გასტუმრებაზე პრინციპულად ამბობს უარს.
„კომოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ის 16 ივლისს დაინიშნა, თუმცა წლევანდელ სერია A-ში მისი ხელმძღვანელობით გამართული 4 მატჩიდან გათამაშების დებიუტანტებმა ორი ფრედ დაასრულეს, ორი წააგეს და ჯერჯერობით გამარჯვება არ მოუპოვებიათ.
ფეხბურთელობის პერიოდში ფაბრეგასი „არსენალის“, „ბარსელონას“, „ჩელსისა“ და “მონაკოს“ ღირსებას იცავდა, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ორჯერ ევროპის, ერთხელ კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.