უცნაური ფაქტი - მუნუერამ სოსიედადს ყველა Ball Boy მოედნიდან გააძევა
ლა ლიგის მეხუთე ტურში რეალ სოსიედადმა მადრიდის რეალს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. სამეფო კლუბმა ორივე გოლი პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.
რა თქმა უნდა, მასპინძელთა გუნდის ფეხბურთელები და გულშემატკივრები მსაჯის მარტინეს მუნუერას გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდნენ, ბევრიც აპროტესტეს, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო.
ამ ყველაფრის ფონზე, მატჩის მიმდინარეობისას საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. შეხვედრის 88-ე წუთზე, როდრიგომ აუტი მოაწოდა და ბურთი კილიან მბაპეს გადააწოდა, თუმცა იმ მომენტში მინდორზე კიდევ ერთი ბურთი გაჩნდა, რამაც თამაშის გაჩერება გამოიწვია.
მთავარმა არბიტრმა მოედნიდან სოსიედადის ყველა ე.წ. Ball Boy(ბურთის მომწოდებელი ბიჭი) გააძევა. როგორც გაირკვა, ამის მიზეზი ბურთის არამიზნობრივი გამოყენება გახდა. MARCA-ს ინფორმაციით, ერთ-ერთმა Ball Boy-მ მეორე ბურთი მინდორზე განზრახ შემოაგდო, რათა რეალის შეტევა გაეჩერებინა.
წყაროს ცნობით, ამ ფაქტმა შესაძლოა სან სებასტიანურ კლუბს პრობლემები შეუქმნას და გარკვეული სანქციები დააკისროს. ესპანური ფეხბურთის კანონების 107-ე მუხლი სწორედ ასეთ შემთხვევებს ეხება და ითვალისწინებს სანქციებს „თამაშის დროს წესრიგის დარღვევის“ ფაქტზე.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალის მხრიდან გოლები ვინისიუს ჟუნიორმა და კილიან მბაპემ გაიტანეს.