გასახდელში დაჯდა - ჩაკვეს ტრავმა მძიმე არაა და კარგ განწყობაზეა
CrystalSport-ის ცნობით, გიორგი ჩაკვეტაძეს „ქოვენთრისთან'' ტრავმა მუხლის არეში არ მიუღია, მას წელი გაუშეშდა და მოედანს მალე დაუბრუნდება. ინფორმაცია ფეხბურთელის მენეჯერმა ლაშა ჯაკობიამ დაგვიდასტურა.
მოგვიანებით, „უოტფორდის'' მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ ჩაკვეტაძის ტრავმასთან დაკავშირებით განაცხადა: „ზურგის ქვედა ნაწილში სპაზმი აქვს, გასახდელში დაჯდა. დადებითი ნიშნებია, რომ ტრავმა მძიმე არაა''.
შეგახსენებთ, ინგლისის ჩემპიონშიფის მე-5 ტურში „უოტფორდი’’ – „ქოვენთრი’’ 1:1 დასრულდა. „უოტფორდის’’ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში ათამაშა. პირველი ტაიმის დასაწყისში ქართველ ფეხბურთელს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა მეკარესთან პირისპირ მყოფმა ცუდად დაარტყა.
მეორე ტაიმში ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე პასი შეასრულა, თუმცა მე-80 წუთზე შეცვალეს, რადგან ტრავმა მიიღო და თამაში ვერ გააგრძელა, მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს ქომაგთა ოვაციების ფონზე. ტრავმის მიღებისას ჩაკვეტაძე ორთაბრძოლაში არ ყოფილა. საბედნიეროდ, ტრავმა მძიმე არაა და დიდი ალბათობით შემდეგ ტურში ითამაშებს, ჩემპიონშიფის მე-6 ტურში „უოტფორდი'' „ნორვიჩს'' ესტუმრება (21 სექტემბერი).
ფოტოზე: გიორგი ჩაკვეტაძე „ქოვენთრისთან'' მატჩის შემდეგ