100%-იანი მომენტი და საგოლე პასი - ჩაკვეტაძის საუკეთესო მომენტები ქოვენთრისთან
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-5 ტურში „უოტფორდი’’ – „ქოვენთრი’’ 1:1 დასრულდა. 5 ტურის შემდეგ „უოტფორდი'' 10 ქულით მე-4 ადგილზეა, ლიდერ „სანდერლენდს'' 2 ქულით ჩამორჩება, ტური ჯერ არ დასრულებულა და შესაძლოა „უოტფორდი'' უფრო დაბალ პოზიციაზე ვიხილოთ.
„უოტფორდის’’ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში ათამაშა. პირველი ტაიმის დასაწყისში გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა მეკარესთან პირისპირ მყოფმა ცუდად დაარტყა.
მეორე ტაიმში ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე პასი შეასრულა, თუმცა მე-80 წუთზე შეცვალეს, რადგან ტრავმა მიიღო და თამაში ვერ გააგრძელა, მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს ქომაგთა ოვაციების ფონზე. ტრავმის მიღებისას ჩაკვეტაძე ორთაბრძოლაში არ ყოფილა.
CrystalSport-ის ცნობით, გიორგი ჩაკვეტაძეს „ქოვენთრისთან'' ტრავმა მუხლის არეში არ მიუღია, მას წელი გაუშეშდა და მოედანს მალე დაუბრუნდება. ინფორმაცია ფეხბურთელის მენეჯერმა ლაშა ჯაკობიამ დაგვიდასტურა.
მოგვიანებით, „უოტფორდის'' მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ ჩაკვეტაძის ტრავმასთან დაკავშირებით განაცხადა: „ზურგის ქვედა ნაწილში სპაზმი აქვს, გასახდელში დაჯდა. დადებითი ნიშნებია, რომ ტრავმა მძიმე არაა''.
ტრავმის ეპიზოდი
ჩაკვეტაძის საგოლე პასი
ჩაკვეტაძის საუკეთესო მომენტები