ორმაგი პრობლემა: დე იონგი ბარსას რთულ მდგომარეობაში აყენებს
აპრილის შემდეგ, ფრენკი დე იონგი კოჭის ტრავმას მკურნალობს. თავდაპირველად იყო მოლოდინი და ცნობები, რომ ფრენკი ევროპის ჩემპიონატისთვის მომჯობინებას მოასწრებდა, თუმცა უკვე სექტემბრის შუა რიცხვებია და მხოლოდ ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომდევნო კვირიდან ნიდერლანდელი ვარჯიშს განაახლებს.
მარკ ბერნალის ტრავმის შემდეგ, ჰანსი ფლიკს საყრდენი ნახევარმცველი აღარ დარჩა და ამ პოზიციაზე იძულებით სხვა პოზიციის ფეხბურთელების გამოყენება უწევს. ეს გუნდისთვის დიდი პრობლემაა და რთულ მეტოქეებთან დაპირისპირებისას თავს კიდევ უფრო მეტად იჩენს.
რაც შეეხება დე იონგის ფინანსურ მხარეს, კლუბს აქ უფრო დიდი პრობლემა აქვს, რადგან ფეხბურთელი სულ ტრავმებს იღებს და კლუბში ლევანდოვსკის შემდეგ ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს. ფრენკის კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს, მის კონტრაქტს კი 2026 წელს გასდის. ყველაფერი ისე მიდის, რომ ფეხბურთელი „ბარსელონას“ უფასოდ დატოვებს და კლუბი მისგან ვერანაირ სარგებელს ვერ ნახავს, რადგან სეზონის გადამწყვეტ ნაწილში ხშირად ტრავმა აქვს, გუნდიდან კი უფასოდ წასვლას უმიზნებს.
დე იონგს კოჭის ქრონიკული ტრავმა აქვს. რეციდივი ხშირია. ტკივილები რჩება და შემდეგ ისევ უბრუნდება. ოპერაციაზე თავად უარი თქვა, რადგან ექიმებმა სრულად განკურნების გარანტია ვერ მისცეს. ამიტომ, ფეხბურთელმა ფიზიოთერაპევტთან ვარჯიში და ისე მომჯობინება არჩია. როგორც უკვე აღვნიშნეთ მომდევნო კვირიდან ვარჯიშსაც განაახლებს, თუმცა არავინ იცის როგორ დაბრუნდება და რამდენი ხნით...
„ბარსელონამ“ მისი გაყიდვა რამდენჯერმე სცადა, რადგან ხვდებიან, რომ მისი შენარჩუნება დიდი რისკია. გარდა ამისა, ბართომეუსთან შეთანხმების შედეგად, ფრენკიმ კონტრაქტის ბოლოს ფულადი ბონუსი უნდა მიიღოს, რადგან პანდემიის დროს დროებით ხელფასის შემცირებაზე თანხმობა განაცხადა. არავინ იცის რა თანხაზეა საუბარი.
ამრიგად, დე იონგი „ბარსელონას“ ორმაგი რისკის ქვეშ აყენებს. ჯერჯერობით, მის აგენტთან დეკუ (სპორტული დირექტორი) შეთანხმებას ვერ ახერხებს და კონტრაქტის გახანგრძლივების მცდელობები უშედეგოდ სრულდება.