„ქომაგებს მოუსმინეთ, როგორ უყვართ ბუდუ“ - კარლსრუეს მწვრთნელი
ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ მეორე ბუნდესლიგის მე-5 ტურში შინ გელზენკირხენის „შალკეს“ 2:0 მოუგო და ეს ქართველი ფორვარდის დუბლის წყალობით გააკეთა.
სტადიონზე არსებული გარემო მხოლოდ იმის დასტური იყო, რომ ადგილობრივ ქომაგებს ბუდუ ყველაზე მეტად უყვართ და მის სახელს შეუჩერებლად სკანდირებდნენ, რაც მატჩის შემდეგ, „კარლსრუეს“ მთავარ მწვრთნელს კრისტიან აიხნერს არ გამორჩენია და პრესასთან საუბრისას აღნიშნა კიდეც.
„ზივზივაძე? დიახ, ვფიქრობ, თქვენ უბრალოდ გულშემატკივრებს უნდა მოუსმინოთ, თუ რამდენად პოპულარულია იგი, როგორ უყვართ. რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს აქ. ბუდუ კარლსრუეში პირველივე დღიდანვე შეიყვარეს. აქედან გამომდინარე, ამჟამად მისთვის დიდებული სიტუაციაა, ისევე როგორც მთლიანად ჩვენი გუნდისთვის“.
- განაცხადა აიხნერმა.
პრესასთან ისაუბრა მატჩის მთავარმა გმირმა ბუდუ ზივზივაძემ, რომელმაც ჩვეულ სტილში მოკრძალებული კომენტარი გააკეთა:
„ორივე გოლის მომენტში გამიმართლა. ჩვენ გუნდური ფეხბურთი ვითამაშეთ, როგორც ერთიანმა მექანიზმმა. ჩემი მეორე გოლი ფაბიან შლოიზენერის დამსახურება უფრო იყო. პირველი გოლი კი ლამაზი გამოვიდა. ბომბარდირობა? თუ, ბრძოლას ასეთივე შემართებით გავაგრძელებთ, წარმატება აუცილებლად მოვა“.
ქართველმა ფორვარდმა ახლადდაწყებულ მეორე ბუნდესლიგის სეზონში 5 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა. ბომბარდირთა დავას ბუდუ ლიდერობს.
კრისტიან აიხნერის გაწვრთნილი „კარლსრუე'' შემდეგ მატჩს შინ „მაგდებურგთან'' ჩაატარებს. შეხვედრა 22 სექტემბერს, 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.