ზურიკოს ასისტი და კარგი მატჩი | სენტ-ეტიენმა პირველი 3 ქულა მოიპოვა
„სენტ-ეტიენმა“, რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების გარემარბი, ზურიკო დავითაშვილი ასპარეზობს, პირველი გამარჯვება იზეიმა - მე-4 ტურში ოლივიე დალ'ოლიოს გუნდმა მინიმალური ანგარიშით „ლილი“ დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი მე-6 წუთზე მატიე კაფარომ გახსნა, საგოლე გადაცემა კი სწორედ დავითაშვილმა მიითვალა: ქართველმა ეფექტურად გადაუგდო ბურთი თავზე მცველს, საჯარიმოში შევიდა და კაფაროს ზუსტი გადაცემა გაუკეთა, მან კი, თავის მხრივ, ლუკა შევალიესგან მარცხენა ზედა კუთხეში ძლიერად დაარტყა და მიმდინარე სეზონში „სენტ-ეტიენის“ პირველი გოლი გაიტანა.
ზურიკოს ასისტი:
ზურიკო ასისტის შემდეგაც აქტიურობდა და 25-ე წუთზე გოლის გატანაც შეეძლო. დავითაშვილმა ბურთი საკუთარ ნახევარზე მიიღო, გასცდა ერთ მეტოქეს, „ლილის“ საჯარიმომდე მივიდა, ორი მცველი მოატყუა და კარშიც დაარტყა, თუმცა მეკარემ პოზიცია სწორად შეარჩია და ზურიკოს გოლი არ გაატანინა.
მეორე ტაიმში დავითაშვილმა „ლილის“ კაპიტან ბენჟამენ ანდრეს წესები დაარღვევინა და ყვითელი ბარათი მიაღებინა. მატჩის მიწურულს „ლილს“ ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა ახლო მანძილიდან მიტჩელ ბაკერის დარტყმა „მწვანეების“ მეკარემ, გოტიე ლარსონერმა მოიგერია.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ზურიკოს გოლის გატანის კიდევ ერთი კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი მცირე მანძილით ასცდა „ლილის“ კარს.
ზურიკოს გამორჩეული მომენტები „ლილთან“: