დე ბრუინის ნაკრებში შენარჩუნებისთვის - ტედესკო მანჩესტერში მიემგზავრება
კევინ დე ბრუინი საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან სტუმრად განცდილმა მარცხმა იმდენად გააღიზიანა, რომ მატჩის შემდეგ საკუთარი გუნდის ასპარეზობა საჯაროდ გააკრიტიკა და არ გამორიცხა, რომ უახლოეს მომავალში სანაკრებო კარიერის დასრულებაზე დაფიქრდეს. მისმა საქციელმა ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და მთავარი მწვრთნელი დომენიკო ტედესკო იმდენად შეაშფოთა, რომ ეს უკანასკნელი ორ დღეში მანჩესტერში მიემგზავრება, რათა 33 წლის ნახევარმცველს დაელაპარაკოს და ეროვნულ გუნდში კარიერის გაგრძელებაზე დაიყოლიოს.
„მანჩესტერ სიტის“ ნახევარდაცვის ერთ-ერთ ლიდერს წლების განმავლობაში ჯერ ტიბო კურტუასთან, ხოლო შემდეგ ედენ აზართან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რის გამოც ბელგიის ნაკრების დატოვებით რამდენჯერმე დაიმუქრა, თუმცა ახლა, როდესაც აღარც კურტუა და აღარც აზარი მისი თანაგუნდელები აღარ არიან, ბელგიური მედია თვლის, რომ კევინის მხრიდან „წითელი ეშმაკების“ მიტოვება ღალატის ტოლფასი იქნება.
ცნობისათვის, დე ბრუინი ბელგიის ნაკრების ღირსებას 2010 წლიდან იცავს და 107 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა, ყველაზე დიდ სანაკრებო წარმატებას კი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მიაღწია, როდესაც ის და მისი თანაგუნდელები ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.