„მინიმუმ 15 გოლს გაიტანს“ - სირაძე ზივზივაძის თამაშზე
დავით სირაძე ერთ-ერთია იმ ქართველ ფეხბურთელებს შორის, რომელთაც გერმანიაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ. ის სხვადასხვა წლებში ბერლინის „უნიონში“, ტრირის „აინტრახტში“, „აუესა“ და „პადერბონში“ თამაშობდა და საერთო ჯამში ჩატარებულ 72 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში „კარლსრუეს“ ქართველი ფორვარდის ბუდუ ზივზივაძის თამაშის შესაფასებლად, რომელმაც „შალკესთან“ (2:0) დუბლი შეასრულა, Crystalsport-ი სწორედ სირაძეს დაუკავშირდა და მანაც საკმაოდ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა.
რა თქვა სირაძემ
მეორე ბუნდესლიგა საოცრად რთულად სათამაშო პირველობაა, სადაც ბურთის გატანა ბევრი ქვეყნის უმაღლეს ლიგაზე რთულია. ყოველივე აქედან გამომდინარე, ზივზივაძის თამაში ჩემში აღფრთოვანებს იწვევს. მის ანგარიშზე უკვე 5 გოლია და დარწმუნებული ვარ, გათამაშებას მინიმუმ 15 ბურთით დაასრულებს, რის შემდეგაც ბუნდესლიგაში გადასვლას ვუსურვებ.
მისი მთავარი პლუსი არის ის ფაქტი, რომ საჯარიმოში მოქმედებს ზუსტად ისე, როგორც ჭეშმარიტმა ფორვარდმა უნდა იმოქმედოს. ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი გამოსავლის პოვნა და კარში დარტყმა შეუძლია.
ვიცი ბევრი თვლის, რომ ეროვნულ ნაკრებში ბუდუ მეტ სათამაშო დროს იმსახურებს და ვფიქრობ, ის ამას მიიღებს კიდეც. ყველას კარგად გახსოვთ, რომ პლეი ოფში ვილი სანიოლმა მას ლუქსემბურგთან ნდობა გამოუცხადა და არც უნანია. დარწმუნებული ვარ, ზივზივაძე საქართველოს ნაკრებში კიდევ ბევრ დაუვიწყარ მატჩს ჩაატარებს.
ხუთი ტურის შემდეგ გატანილი ხუთი გოლით ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავის ლიდერია, ხოლო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი მის ანგარიშზე 30 მატჩში 8 გოლთან ერთად 2 საგოლე პასია.