ბუდუს შოუმ კარლსრუე გაალიდერა - გერმანული მედიის გამოხმაურებები
ბუნდესლიგა 2-ის მე-5 ტურში „კარლსრუემ’’ შინ „შალკეს’’ 2:0 მოუგო. სასიხარულოა რომ ორივე გოლი ქართველი ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზეა. ამ დუბლის შემდეგ ბუდუ ბომბარდირთა დავას 6 გოლით ერთპიროვნულად ლიდერობს, მეორეადგილოსნებს 2 გოლით უსწრებს. ასევე, ამ მომენტისთვის „კარლსრუე’’ სატურნირო ცხრილში 13 ქულით პირველ ადგილზეა.
ბუდუმ ამ სეზონის ბუნდესლიგა 2-ის ხუთ თამაშში 6 გოლი გაიტანა. პლუს, 1 საგოლე პასი. ასევე, გერმანიის თასის ერთ მატჩში გოლითა და საგოლე გადაცემით დაეხმარა გუნდს. ასე რომ, საერთო ჯამში ამ სეზონში მის ანგარიშზე 7 გოლია, ბრწყინვალე ფორმაშია.
საინტერესოა რომ ბუნდესლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ბუდუმ, რომელიც ცაციაა, ყველა გოლი მარჯვენა ფეხით შეაგდო.
ბუდუს თამაშს რამდენიმე ცნობილი გერმანული გამოცემა გამოეხმაურა. გთავაზობთ, სტატიებიდან ნაწყვეტებს, რომლებიც ბუდუს ეხება.
Spiegel: „შალკე’’ უშანსოდ დამარცხდა - ზივზივაძის დარტყმებმა „კარლსრუე’’ გაალიდერა.
ხუთ თამაშში გატანილი 6 გოლით ბუდუს თავისი კარიერა, 30 წლის ასაკში, ახალ მოულოდნელ სიმაღლეზე აჰყავს. მისი გოლებით „კარლსრუე'' ბუნდესლიგაში აღზევებაზე ოცნებას იწყებს''.
Bundesliga.com: „პირველი გოლისას ზივზივაძემ მეტოქის დაცვის ხაზში არსებული დაბნეულობით ისარგებლა, უპირატესობა მოიპოვა, დაცვის ხაზი გაარღვია და დაახლოებით 11 მეტრიდან შეაგდო. სუპერ-გამტანმა ბუდუმ მეორე გატანილი გოლით „შალკეს’’იმედები დაასრულა.
ზივზივაძის შოუთი „კარლსრუემ'' „შალკე'' დაამარცხა''.
Focus.de: „საწყის წუთებში „შალკეს’’ თავისი თამაშის პოვნა უჭირდა, ტაიმის შუაში თამაში გამოასწორა, თუმცა სტუმართა შეტევებს სიმწვავე აკლდა. შესვენებამდე „შალკემ’’ თავი უსუსურად დაიცვა, ზივზივაძე თამაშში ბოლომდე დარჩა და მეკარისაგან მარჯვენა კუთხეში შეაგდო. ზივზივაძემ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა და „კარლსრუე’’ სატურნირო ცხრილში გალიდერდა’’.
კრისტიან აიხნერის გაწვრთნილი „კარლსრუე'' შემდეგ მატჩს შინ „მაგდებურგთან'' ჩაატარებს. შეხვედრა 22 სექტემბერს, 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.