„მოლაპარაკებები ლივერპულთან და რეალთან მიმდინარეობს“ - კომენტარები ვარსკვლავების მატჩის წინ
21 სექტემბერს თბილისში გასამართ ვარსკვლავების მატჩის მონაწილე „მილანისა“ და საქართველოს ნაკრების ლეგენდების გუნდების შემადგენლობები რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა. უკვე ცნობილია, რომ როსონერის რიგებში რივალდო, კაკა, კაფუ, კლარენს ზეედორფი და სხვა ვარსკვლავები ითამაშებენ. საქართველოს ნაკრების ლეგენდების გუნდის მონაწილეები კი დღეს მიხეილ მესხის სტადიონზე შეიკრიბნენ და მომავალი თამაშის წინ კომენტარები გააკეთეს.
კახა კალაძე
ჩემთვის ამ თამაშს ორმაგი დატვირთვა აქვს - პირველი იქიდან დავიწყოთ, რომ „მილანთან“ ასოცირდება ჩემი სპორტული წარმატება და საკლუბო დონეზე რისი მოგებაც შეიძლება ფეხბურთელმა ინატროს, ყველაფერი მოგებული მაქვს. შესაბამისად, ძალიან მიხარია იმ მოთამაშეებთან კიდევ ერთხელ შეხვედრა, რომლებთანაც ათი დაუვიწყარი წელი გავატარე.
გარდა ამისა, ასეთი ტიპის მატჩები ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას ემსახურება, თუმცა სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატებების ფონზე, სპორტის ამ სახეობით კიდევ უფრო მეტი მოზარდი ინტერესდება და წინ ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით.
46 წელი პატარა ასაკი არ გახლავთ, მაგრამ ყოველდღიურად ვვარჯიშობ, მასტერ ლიგაში აქტიურად ვარ ჩართული და ბუნებრივია შევეცდები ვარსკვლავების მატჩსაც სრულ მზადყოფნაში შევხვდე.
ეს არ არის ერთჯერადი თამაშები და მომავალშიც გაგრძელდება. შოთა არველაძესთან მქონდა საუბარი და აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ანალოგიური მატჩის გამართვასთან დაკავშირებით „ლივერპულთან“ და “რეალთან“.
ლევან კობიაშვილი
სასიამოვნოა, რომ ასეთი მასშტაბის თამაში ჩვენს ქვეყანაში ტარდება. დარწმუნებული ვარ, რომ 21 სექტემბერს ვინც აქ სტადიონზე მოვა, უდიდეს სიამოვნებას მიიღებს, რადგან ორივე გუნდში ფეხბურთის ლეგენდები თამაშობენ. გვეამაყება ის ფაქტი, რომ შევძელით ასეთი დონის მოთამაშეების შეკრება, რომლებიც ჩვენი არაჩვეულებრივი გულშემატკივრების წინაშე კიდევ ერთხელ იასპარეზებენ.
ბუნებრივია, ამ თამაშამდე ჩვენ, საქართველოს ნაკრების ვეტერანებს გვექნება დღეები, როდესაც შევიკრიბებით, ვივარჯიშებთ და მოვემზადებით, რადგან „მილანის“ ვარსკვლავები მხოლოდ სიმბოლური დატვირთვით არ ჩამოდიან. მოსაგებად გავლენ მინდორზე და სათანადო წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ.
მსგავსი შეხვედრების ჩატარება პირველ რიგში გულშემატკივრების მოთხოვნიდან მოდის - კარგად ნახეთ როგორი ბუმი იყო ბათუმში და ვეცდებით, რომ ქართველებმა ჩვენს ქვეყანაში მსოფლიო ფეხბურთის რაც შეიძლება ბევრი ვარსკვლავი იხილონ.
ლევან მჭედლიძე
ბევრ ფეხბურთელს ვიცნობ, ნათამაშები მაქვს მათ წინააღმდეგ და იმედი მაქვს, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო საღამო გამოვა. მე კარიერის დასრულების შემდეგაც სპორტულად ვცხოვრობ და ვცდილობ შევინარჩუნო კონდიციები.
 
კახა კალაძის, ლევან კობიაშვილის, შოთა არველაძის და სხვადასხვა თაობის სხვა ვარსკვლავი ქართველი ფეხბურთელების დამრიგებელი 21 სექტემბრის მატჩში თემურ ქეცბაია იქნება, მილანელებს კი თამაშისთვის იბრაჰიმ ბა მოამზადებს. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სტარტს 19:00 საათზე აიღებს.