მექსიკელებთან მატჩების განრიგი და მეტოქეები ცნობილია - ხვალ დევისის თასი იწყება
მზიურის საჩოგბურთო კორტებზე ხვალ დევისის თასის მსოფლიო ჯგუფის მეორე ზონის შეხვედრაში საქართველოსა და მექსიკის მატჩი აიღებს სტარტს. ტურნირის კენჭისყრა დღეს გაიმართა და გაირკვა, რომ შეჯიბრება ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის პირველი ნომრის საბა ფურცელაძის შეხვედრით დაიწყება, რომლის მეტოქეც ალან რუბიო ფიეროსი იქნება.
ერთეულებს შორის მეორე მატჩში კი მექსიკელების პირველ ნომერ როდრიგო პაჩეკოსთან ალექსანდრე ბაკში ითამაშებს. ტურნირის მეორე დღეს, კვირას, ფურცელაძე და ბაკში მეტოქეებს გაცვლიან, წყვილებს შორის კი ალექსანდრე ბაკშისა და ზურაბ ტყემალაძის დუეტი ჰანს ჰაკისა და მიგელ ვალერას წყვილს შეხვდება.
ჩვენი ქვეყნის ნაკრების წევრებიდან საუკეთესო რეიტინგი ფურცელაძეს აქვს, რომელიც 455-ე ადგილზეა. მექსიკელების საუკეთესო ჩოგბურთელი პაჩეკო კი საბას 22 საფეხურით უსწრებს და 433-ე პოზიცია უკავია. თებერვალში საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჯგუფის პირველი დივიზიონის გადასასვლელ პლეი ოფში ლიეტუველებთან მატჩში წარმატების მიღწევასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ დრამატულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.