„დე ლაურენტისმა სერიოზული შეცდომა დაუშვა...“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარას კონტრაქტზე
იტალიურ მედიაში კვარას მომავალზე მითქმა-მოთქმა არ წყდება. „ნაპოლის“ ქართველი ფორვარდის კონტრაქტზე ამჯერად ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ალფრედო პედულამ ილაპარაკა.
მისი თქმით, აურელიო დე ლაურენტისმა დაუშვა სერიოზული შეცდომა, რომელსაც მისგან არ ელოდებოდა.
„ის უკვე წელიწად-ნახევარი-2 წელია ძალიან ცუდად უდგება კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს. ფეხბურთელი დაუყოვნებლივ იმსახურებდა განახლებას, რადგან ის სკუდეტოს ერთ-ერთი უმთავრესი „არქიტექტორი“ იყო. რატომ ამდენჯერ გადადება? ჩემი ინფორმაციით, ხვიჩა 8 მილიონს ითხოვს და არ ვიცი, სურს თუ არა „ნაპოლის“ ამ თანხის გადახდა. შესაძლოა ქართველი 7 მილიონსაც დასჯერდეს“, - განაცხადა პედულამ.
კვარაცხელიამ ახალი სეზონი მაღალ დონეზე დაიწყო. ქართველმა ფეხბურთელმა იტალიის სერია A-ს ეგიდით, სამ თამაშში მიიღო მონაწილეობა და ანტონიო კონტეს ფორმაციის „ნაპოლის“ ლიდერია.
სერია A-ს საწყის სამ ტურში კვარას აქტივში გოლი და საგოლე პასია, „ნაპოლის“ კი 6 ქულა აქვს. ნეაპოლელები სატურნირო ცხრილის მე-5 ადგილს იკავებენ და მომდევნო მატჩი 15 სექტემბერს, „კალიარისთან“ ელით.
დღეს ცნობილი გახდა, რომ კვარა აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გამოკითხვა „პარტენოპეის“ სოციალური ქსელების გვერდებზე მიმდინარეობდა და ნეაპოლელმა ქომაგებმა ქართველი ფეხბურთელი გამოარჩიეს.