„იბერიანსთან ბევრ ახალ სახეს იხილავთ“ - კოკერილი სუპერ თასზე
ქართული ფრენჩაიზი, „შავი ლომი“ ესპანეთში იმყოფება და 2024 წლის რაგბი ევროპის სუპერ თასის პირველი მატჩისთვის ემზადება, რომელშიც რიჩარდ კოკერილის გუნდი ადგილობრივ „იბერიანსს“ უნდა დაუპირისპირდეს.
შავი ლომის’ გაფართოებულ შემადგენლობაში 11 დებიუტანტია, რომელთაგან რამდენიმეს 15 სექტემბერს მოედანზე ვიხილავთ.
გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის, ინგლისელი რიჩარდ კოკერილისთვის ეს იქნება პირველი ოფიციალური მატჩი „შავი ლომის“ დამრიგებლის რანგში. კოკერილმა რაგბის კავშირის გვერდთან მოახლოებულ მატჩსა და მოსამზადებელ ეტაპზე ისაუბრა.
რიჩარდ კოკერილი:
„კარგი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა. მოთამაშეებმა ბევრი იშრომეს, კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან და მოუთმენლად ველით ჩვენს პირველ თამაშს“.
„ახალი მოთამაშეები გუნდთან საკმაოდ კარგად ადაპტირდნენ. ახალი მოთამაშეები გვყავს დიდი 10-იდან და ისინი სიახლეებს ეგუებიან. ასევე გვყავს ფრანგული კლუბების ყოფილი მოთამაშეები, რომლებიც გუნდთან უკვე შეთამაშდნენ. კვირას „იბერიანსთან“ ბევრ ახალ სახეს იხილავთ“.
აქამდე „შავ ლომს“ „იბერიანსის“ წინააღმდეგ ოთხჯერ უთამაშია და ყველა მათგანში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე შეხვედრა თბილისში, „ავჭალაზე“ გაიმართა და ესპანელებს სტუმრად პირველად ვერკინებით.
რაგბი ევროპის სუპერ თასის პირველ სეზონში „იბერიანსს“ ნახევარფინალში შევხვდით და 2022 წლის 17 აპრილს უხვქულიან მატჩში 43:40 ვძლიეთ.
ესპანელებს მეორე სეზონშიც ნახევარფინალში, 2022 წლის 4 დეკემბერს დავუხვდით და ამჯერად 41:9 მოვუგეთ.
ფორმატის შეცვლის შემდეგ „იბერიანსს“ გასულ სეზონში უკვე ორჯერ ვეთამაშეთ. 2023 წლის 4 ნოემბერს ჯგუფურ ეტაპზე მას 39:19 მოვუგეთ, ხოლო 2 დეკემბერს ნახევარფინალში 41:0 დავამარცხეთ.
სუპერ თასის წლევანდელი სეზონის გახსნით მატჩში „იბერიანსი“ „ლუზიტანუშს“ 7 სექტემბერს პორტუგალიაში ეწვია და 18:36 დამარცხდა.
„იბერიანსისა“ და „შავი ლომის“ შეხვედრა 15 სექტემბერს, თბილისის დროით 14:00 საათზე გაიმართება.