ჩაგდებული სეზონის შემდეგ - დიდი იმედები მიქაუტაძეზე
საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბებიდან გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს თუ რომელიმე გუნდმა იაქტიურა, ეს პირველ რიგში „ლიონზე“ ითქმის. იმისათვის, რომ შარშანდელის მსგავსად, „ოლიმპიკი“ გავარდნის საფრთხის წინაშე არ დამდგარიყო, ახალი ფეხბურთელების დამატებისთვის 145 მილიონი ევრო დაიხარჯა.
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Le 10 Sport-ის სტატიაში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ შარშან ალექსანდრ ლაკაზეტსა და კომპანიას პირველ წრეში სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში უწევდათ ყოფნა, თუმცა გაზაფხულიდან სიტუაცია იმდენად გამოსწორდა, რომ ლიონელებმა ევროპის რანგით მესამე საკლუბო ტურნირის, კონფერენს ლიგის საგზურის მოპოვება შეძლეს.
კლუბის მფლობელმა ჯონ ტექსტორმა სანაკრებო პაუზის დროს, სწორედ ამ ვებ-გვერდის ჟურნალისტს უმასპინძლა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს განხორციელებული ტრანსფერები საინტერესოდ შეაჯამა, საუბრის დროს კი ბუნებრივია ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირი, გიორგი მიქაუტაძეც იყო ნახსენები.
რას ამბობს ლიონის პრეზიდენტი
ისევე როგორც ყველა კლუბის პასუხისმგებლიანი პრეზიდენტისთვის, ახალი ფეხბურთელების დამატების დროს, ჩემთვისაც მთავარი იყო, რომ ბალანსი არ დარღვეულიყო და უეფას ფინანსური ფეარ პლეის წესები ბოლომდე დაცული ყოფილიყო.
საერთო ჯამში დაიხარჯა 145 მილიონი, რაც ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე საკმაოდ სოლიდური თანხაა, მაგრამ ეს აუცილებელია იმისათვის, რომ კლუბმა უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს.
ცენტრალური დაცვის ხაზის გაძლიერების მიზნით „ნოტინგემ ფიორესტიდან“ მუსა ნიახატეს ჩამოყვანისთვის 32 მილიონი ევრო დაიხარჯა. ერნესტ ნუამას ასპარეზობით მთავარი მწვრთნელი იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ მისი სატრანსფერო უფლებები 29 მილიონ ევროდ გამოვისყიდეთ. დიდი ბენეფიტი გახლდათ ჩვენთვის „მეციდან“ გიორგი მიქაუტაძის 18.5 მილიონად დამატება, რომელსაც ჯერ გოლი არ გაუტანია, მაგრამ არც ეს დრო არის შორს, როდესაც ის თავის აქტივს გახსნის.
საკლუბოსგან განსხვავებით, მიქაუტაძემ ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენა შეძლო და თბილისში ჩეხეთთან (4:1) გამართულ ერთა ლიგის შეხვედრაში 31-ე მატჩში მე-14 გოლი გაიტანა.