შეთანხმება ვერ ხერხდება - იტალიური პრესა კვარას კონტრაქტზე
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ევროპაში უკვე ორი კვირაა დაიხურა, მაგრამ იტალიურ გამოცემებში ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციების გავრცელება არ წყდება. ამჯერად „ნაპოლის“ 23 წლის ქართველი ლიდერის შესახებ Corriere Del Mezzogiorno-ში დაიწერა, რომლის მიხედვითაც ხვიჩას ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არ არიან, მაგრამ თუ რაიმე გაუთვალისწინებლი არ მოხდა, ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მაინც მივა.
რას წერენ კვარაზე
„ნაპოლი“ მთლიანად მობილიზებულია კვარაცხელიას შენარჩუნებაზე, რომელთანაც კონტრაქტი 2027 წლამდეა გაფორმებული, მაგრამ დაბალი ანაზღაურების გამო, მისთვის ხელშეკრულების გახანგრძლივება საჩქარო და აუცილებელია.
სტატისტიკიდან და თამაშის დონიდან გამომდინარე, ყოველწლიური 1.5 მილიონი ევრო მართლაც სასაცილო თანხაა და აურელიო დე ლაურენტისი ჯერ კიდევ ზაფხულში მზად იყო, რომ მისი გასამრჯელო 5 მილიონამდე გაზრდილიყო, მაგრამ კვარა და მისი გარემოცვა ჯიუტად ითხოვს 8 მილიონ ევროს.
ნებისმიერ შემთხვევაში, „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა ოპტიმისტურად არის განწყობილი და მათ ახალი მთავარი მწვრთნელისგან ანტონიო კონტესგან მშვენივრად იციან, რომ კვარა მისთვის ფუნდამენტური ფიგურაა, რაც ქართველთან შეთანხმების მიღწევას ავალდებულებთ.
იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 1 გოლთან ერთად 1 საგოლე გადაცემაცაა. შედეგიანი მოქმედების გარეშე მას არც სანაკრებო მატჩები დაუტოვებია და ჩეხეთთან (4:1) მოგებულ შეხვედრაში თავი 1 გოლითა და ამდენივე ასისტით გამოიჩინა.