დეშამს ღიად დაუპირისპირდა - კილიან მბაპე წყობიდან გამოიყვანეს
იტალიასთან (1:3) წაგებული და ბელგიასთან (2:0) მოგებული მატჩების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების შიდა სამზარეულოში სახარბიელო ვითარება ნამდვილად არ არის. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’equipe-ის ცნობით, ბელგიელებთან თამაშის დასრულების შემდგომ, მიუხედავად გამარჯვებისა, გუნდის კაპიტანმა კილიან მბაპემ დიდიე დეშამი და მისი სამწვრთნელო შტაბი, არასწორად შერჩეული ტაქტიკური სქემის გამო, საჯაროდ, ფეხბურთელების თვალწინ გააკრიტიკა.
როგორც ამბობენ, მბაპე გაბრაზებულია, რომ სექტემბერში ჩატარებულ ერთა ლიგის ვერც ერთ შეხვედრაში ვერ მოახერხა თავის გამოჩენა და ამაში მთავარ დამნაშავედ დეშამს თვლის. პრესაში ისიც დაიწერა, რომ კაპიტანს ურთიერთობა განსაკუთრებით მეკარე მაიკ მენიოსთან გაუფუჭდა, რომელიც იტალიელებისგან გაშვებული სამი ბურთის გამო, თითქმის ყველა თანაგუნდელმა გააკრიტიკა, თუმცა როგორც ჩანს მასთან მიმართებაში ყველაზე მწვავე მბაპეს განცხადებები გახლდათ.
კილიან მბაპეს ანგარიშზე 2017 წლიდან დღემდე სამფეროვნების მაისურით გამართულ 86 შეხვედრაში 48 გოლია. ეროვნული გუნდის რიგებში ყველაზე დიდ წარმატებას კი, მან 2018 წელს მიაღწია, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.