გამოკვლევები ჩაიტარა - ხვიჩას ტრავმა არ აქვს
როგორც მოგეხსენებათ, ალბანეთთან მატჩის დროს, ვილი სანიოლმა ხვიჩა კვარაცხელია 75-ე წუთზე გაიყვანა.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ კვარამ თამაშის მიმდინარეობისას დარტყმა მიიღო და გარისკვა არ სურდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავად ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ის გამაყუჩებლით თამაშობდა.
ჯვაროსნების ვარსკვლავი დღეს ნეაპოლში ჩაფრინდა და გამოკვლევები ჩაიტარა. დადგინდა, რომ ქართველ შემტევს არანაირი ტრავმა არ აქვს და სათამაშოდ მზად არის. ამის შესახებ ინფორმაციას AreaNapoli ავრცელებს.
აღნიშნული წყარო იმასაც წერს, რომ ანტონიო კონტემ და მთლიანად სამწვრთნელო შტაბმა შვებით ამოისუნთქა, რადგან კვარაცხელიას ტრავმა ახლა დამღუპველი იქნებოდა.
მოგეხსენებათ, კონტესთვის კვარა მთავარი დამრტყმელი ძალაა და მაქსიმალურად ცდილობს ლუკაკუსთან შეათამაშოს. აქედან გამომდინარე, ახლა ქართველი ფეხბურთელის დაზიანება არასასურველი იქნებოდა.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია ა-ს მორიგ მატჩს 15 სექტემბერს კალიარის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.