„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ფეხბურთელს პატიმრობა მიუსაჯეს
ბრაზილიაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ნახევარმცველი ანდერსონ ოლივეირა დააკავეს. ყოფილ ფეხბურთელს ალიმენტების გადაუხდელობის გამო პატიმრობა რიუ-გრანდი-დუ-სულის შტატის სასამართლომ მიუსაჯა.
36 წლის ანდერსონს ორი შვილისთვის ალიმენტების სახით 300 000 ბრაზილიური რეალი (დაახლოებით 59 000 დოლარი) აქვს გადასახდელი.
სასამართლომ ექსფეხბურთელს 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი ალიმენტებს გადაიხდის, სასამართლო განაჩენის მოქმედება შეჩერდება.
ანდერსონს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით 2007-2015 წლებში 181 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი. „წითელ ეშმაკებთან“ ერთად ანდერსონმა ოთხჯერ პრემიერლიგა, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
სხვადასხვა დროს მას ასევე უთამაშია „გრემიოში“, „პორტუში“, „ფიორენტინაში“, „ინტერნასიონალსა“ და „კურიტიბაში“, ხოლო კარიერა 2020 წელს თურქულ „ადანასპორში“ დაასრულა.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ანდერსონს 8 მატჩი აქვს ჩატარებული. „სელესაოს“ რიგებში ის 2007 წლის კოპა ამერიკას გამარჯვებულიც გახდა.