„ბოდიში, გოლებს ყოველთვის ვერ გავიტან, ეს მარტივი არაა“ | ვინისიუსი ბრაზილიის მარცხზე
ვინისიუს ჟუნიორმა პარაგვაის ნაკრებთან მარცხის შემდეგ ბრაზილიელ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა. ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პარაგვაისთან 0:1 დამარცხდა.
„სელესაოს“ ბოლო 3 მატჩში „რეალის“ გარემარბი მოედანს გოლის ან საგოლე გადაცემის გარეშე ტოვებს, რის შესახებაც ვინისიუსმა მედიასთან ისაუბრა:
„ვიცით, რომ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, და გვსურს, ნებისმიერ ფასად ამ სიტუაციიდან გამოვიდეთ. ვიფიქრებთ, რისი გაკეთება შეიძლება, რათა დავიბრუნოთ კარგი თამაში და გამარჯვებები.
ასე ცუდად თამაშის და ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს. რთული მომენტია. უნდა მივიღოთ კრიტიკა და რაც შეიძლება სწრაფად შევცვალოთ ვითარება, რათა ბრაზილია პირველ ადგილზე დაბრუნდეს.
ვიცი ჩემი პოტენციალი და ის, თუ რა წვლილის შეტანა შემიძლია ნაკრების თამაშში. ხანდახან ეს რთულია, იმიტომ რომ თუ მოედანზე თავდაჯერება გაკლია, ვერც გოლები გაგაქვს. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ დავეხმარო ნაკრებს. გოლებს ყოველთვის ვერ გავიტან, ეს ისეთი მარტივი არაა, როგორც გარედან ჩანს.
ევროპაში უფრო სწრაფი ფეხბურთია, მოედნების ხარისხი კი უფრო მაღალი. ადაპტაციის გავლა გვჭირდება, გამარჯვებები სულიერ სიმშვიდეს მოგვიტანს და ეს თამაშზეც აისახება. ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს, ეს ძალიან რთული მომენტია“.
მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრაზილიას უკვე 4 მარცხი აქვს. გუნდმა 8 ტურში 10 ქულა დააგროვა და ვენესუელის ნაკრებთან ერთად სატურნირო ცხრილის მე-5-6 ადგილებს იყოფს.