მსაჯების საკამათო გადაწყვეტილება - თანზილოვი DWCS-ზე დამარცხდა
დღეს გამთენიას, UFC Dana White's Contender Series-ზე ქართველმა მებრძოლმა, ოთარ თანზილოვმა იასპარეზა.
თანზილოვი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელს, 24 წლის ჯოსიას მუსასას დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
ქართველმა მებრძოლმა ბრძოლა დამაჯერებლად დაიწყო და პირველი რაუნდი თავის სასარგებლოდ დაასრულა. 3 მსაჯიდან, ორმა გამარჯვება თანზილოვს ჩაუთვალა. თანზილოვი მეორე რაუნდშიც დამაჯერებელი იყო, მაგრამ ამჯერად ორმა მსაჯმა არჩევანი მის საწინააღმდეგოდ გააკეთა. იგივე სცენარი გამეორდა მესამე რაუნდშიც, სადაც სამიდან ორმა მსაჯმა კონგოელის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და საბოლოოდ, გამარჯვებაც მუსასას დარჩა.
საგულისხმოა, რომ ოთარ თანზილოვს სეკუნდანტობას მერაბ დვალიშვილი უწევდა, რომელიც რამდენიმე დღეში სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალის დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, ოთარ თანზილოვისთვის MMA-ში ეს პირველი მარცხი იყო. ქართველ მებრძოლს აქამდე 9 ბრძოლა ჰქონდა გამართული და ყველა შემთხვევაში გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება მუსასას, კონგოელმა მებრძოლმა კარიერაში ზედიზედ მე-8 ბრძოლა მოიგო და ამ დრომდე დაუმარცხებლის სტატუსით ასპარეზობს - 8:0.