ჰისაი: „უფრო ფრთხილად და ჭკვიანურად უნდა გვეთამაშა“
ალბანეთის ნაკრების წევრმა, ელსეიდ ჰისაიმ საქართველოსთან ჩატარებული მატჩი შეაფასა და თქვა, რომ სინანულს განიცდის, რადგან მისმა გუნდმა კარგი თამაში ჩაატარა.
ამასთან, ჰისაი მიიჩნევს, რომ მათ ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდათ და ნაკრები იმაზე უფრო მეტად დაიღალა, ვიდრე უკრაინასთან მატჩის დროს.
„ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ. საქმე იმაში არ არის, რომ ცუდი მატჩი გვქონდა. შესაძლო ჩვენ უფრო მეტად დავიღალეთ. საქართველო აღმავალი გუნდია. ჩვენ ეს ევროპაზეც ვნახეთ. საკუთარ მოედანზე უკეთესად უნდა გვეთამაშა. კვარაცხელიასთვის სივრცეები არ უნდა დაგვეტოვებინა, რადგან ის ძლიერი მოწინააღმდეგეა. ჩვენ უფრო ფრთხილად და ჭკვიანურად უნდა გვეთამაშა“, - თქვა ჰისაიმ.
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთს ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. მეორე/მესამე ადგილს 3-3 ქულით ალბანეთი და ჩეხეთი იყოფენ, ხოლო ბოლო პოზიციაზე ნული ქულით უკრაინა გახლავთ.
შემდეგ ტურში, საქართველო უკრაინას ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 11 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.