“ჩვენ გაცილებით მეტი ვირბინეთ“ - მიტაი საქართველოსთან წაგების შემდეგ
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთს ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. ლევანტეს ნახევარმცველმა სტრაკოშას კარი შორეული, ულამაზესი დარტყმით აიღო.
მატჩის დასრულების შემდეგ, ალბანეთის ნაკრების მარცხენა მცველმა მარიო მიტაიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა მიტაიმ?
„შეიძლება ითქვას, კარგი მატჩი ჩავატარეთ. საქართველოზე გაცილებით მეტი ვირბინეთ. 2-3 კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. საპირისპიროდ კი ჩვენმა მოწინააღმდეგემ მიღებული შანსი იდეალურად გამოიყენა. მათი ჩეხეთთან გამარჯვება შემთხვევითი არ იყო, რადგან დიდებულად ითამაშეს. ვფიქრობ, დღეს ფლანგებზე უფრო მეტი სივრცე გვქონდა."
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.
მეორე/მესამე ადგილს 3-3 ქულით ალბანეთი და ჩეხეთი იყოფენ, ხოლო ბოლო პოზიციაზე ნული ქულით უკრაინა გახლავთ. შემდეგ ტურში, საქართველო უკრაინას ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 11 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.