ქოჩორაშვილის მაგარი გოლი - საქართველომ ალბანეთს სტუმრად მოუგო
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთს ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. ლევანტეს ნახევარმცველმა სტრაკოშას კარი შორეული, ულამაზესი დარტყმით აიღო.
აღსანიშნავია, რომ გუნდებმა თითქმის ერთნაირი ტაქტიკა აირჩიეს. მატჩი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.
პირველ ტაიმში, მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა, თუმცა ალბანელები ძირითადად შორიდან ურტყამდნენ და ხიფათი არ იქმნებოდა. სანიოლის შეგირდები უფრო მწვავედ უტევდნენ, მაგრამ გოლი არ გავიდა.
მეორე ტაიმი პირველი ნახევრის სცენარით წარიმართა, თუმცა ჯვაროსნები გაცილებით სახიფათოდ უტევდნენ. საქართველომ რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა, მაგრამ გოლი მაინც ვერ გაიტანა.
71-ე წუთზე ქოჩორაშვილმა მოედნის ცენტრში მიიღო ბურთი, მეტოქის მოტყუებაზე წავიდა, რამდენიმე მოწინააღმდეგე ჩამოიტოვა და შორიდან დიდებული გოლი გაიტანა.
რა თქმა უნდა, გაშვებული გოლის შემდეგ, ალბანეთი გააქტიურდა, მაგრამ რეალურ მომენტს მაინც ვერ ქმნიდა. მეტიც, 88-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილს 100%-იანი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმა სტრაკოშამ მოიგერია. საბოლოოდ, მასპინძლებმა წონასწორობა ვერ აღადგინეს და საქართველომ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.
მეორე/მესამე ადგილს 3-3 ქულით ალბანეთი და ჩეხეთი იყოფენ, ხოლო ბოლო პოზიციაზე ნული ქულით უკრაინა გახლავთ. შემდეგ ტურში, საქართველო უკრაინას ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 11 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.