„მხოლოდ მძიმე შრომა“ | UFC-ის ვებგვერდი დვალიშვილის შესახებ წერს
UFC-ის ოფიციალური ვებგვერდი მერაბ დვალიშვილსა და შონ ომალის შორის დაგეგმილ ბრძოლას ეხმიანება და აქვეყნებს სტატიას ქართველი მებრძოლის შესახებ, სათაურით „მერაბ დვალიშვილი: მხოლოდ მძიმე შრომა“.
რას წერს UFC-ის ვებგვერდი:
„მერაბ დვალიშვილი შონ ომალის ოქტაგონში ჯერ კიდევ 2018 წლის სექტემბრიდან იწვევდა. მოსკოვში ტერიონ ვორის დამარცხების შემდეგ დვალიშვილმა მიკროფონი აიღო და მოქმედი ჩემპიონი გამოიწვია. მათი კარიერა ამ წლების განმავლობაში პარალელურად ვითარდებოდა, თუმცა დვალიშვილს ტიტულისთვის ბრძოლაში ყოველთვის ერთი რამ უშლიდა ხელს: ქამარს მისი მეგობარი და სპარინგ პარტნიორი ალჯამეინ სტერლინგი ფლობდა.
ვიდრე სტერლინგი მოქმედი ჩემპიონი იყო, დვალიშვილისა და ომალის დაპირისპირება დაპაუზდა. თუმცა 2023 წლის აგვისტოში, UFC292-ზე ბოსტონში ომალიმ სტერლინგი დაამარცხა და ქამარს დაეპატრონა, დვალიშვილმა კი ტიტულისთვის ბრძოლაზე ფიქრი დაიწყო. ახლა, 6 წლის შემდეგ, ისინი საბოლოოდ ერთმანეთს UFC306-ზე, ლას-ვეგასში შეხვდებიან“.
„ეს ახდენილი ოცნებაა. მუხლჩაუხრელად ვშრომობდი ამისთვის და ახლა ტიტულისთვის ვიჩხუბებ. თუმცა ამ ბრძოლის მოგება მინდა, მხოლოდ მონაწილეობა არ კმარა, - ამბობს დვალიშვილი. - შონ ომალი ძალიან კარგი მებრძოლია. მას როგორც მებრძოლს პატივს ვცემ. ის დიდი ჩემპიონია და ეს ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა. ვეღარ ვითმენ. მასთან ჩხუდი 2018 წლიდან მსურდა, ვიწვევდი... როგორღაც მოხდა ისე, რომ ეს ჩხუბი აქამდე ვერ შედგა, მაგრამ ახლა საუკეთესო დროა“.
მერაბი ომალის ქურთუკთან დაკავშირებულ ცნობილ ინციდენტსაც იხსენებს:
„მინდა, მის ქამარს დავეუფლო. უკვე წავართვი ქურთუკი და მაინტერესებს, თუ ქურთუკსაც კი ვერ იცავს, ქამარი როგორ უნდა დაიცვას? ჯერ ქურთუკი მომცა, შემდეგ კი ტიროდა. ეს რა კაცობაა? როცა ვინმეს რაღაცას აძლევ, მერე აღარ უნდა იტირო, ის კი ბოსის წინაშე ტიროდა“.
ლას-ვეგასში დვალიშვილს ექნება შესაძლებლობა, გახდეს UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურიას შემდეგ, რომელმაც თებერვალში ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. აშშ-თან შედარებით 90-ჯერ უფრო პატარა ქვეყნისთვის 7-თვიან მონაკვეთში ორი ჩემპიონის ყოლა ღირსშესანიშნავი მიღწევა იქნებოდა.
„ჩემი პატარა ქვეყნისთვის ბევრს ნიშნავს, როდესაც მებრძოლი UFC-ის ქამარს იგებს. ყველამ იცის, რომ მე უბრალოდ შრომისმოყვარე ვარ. არ ვარ ნიჭიერი. როდესაც ამ ქამარს მოვიგებ, ხალხი დაინახავს, რომ შესაძლებელია, მუხლჩაუხრელად იშრომო და მაგალითი მისცე ბავშვებს“, - ამბობს დვალიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილსა და შონ ომალის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლა 15 სექტემბერს, თბილისის დროით 03:30 საათიდან გაიმართება.