პიოლი ალ ნასრს გაწვრთნის?
„მილანის“ ყოფილი მწვრთნელი, სტეფანო პიოლი შესაძლოა „ალ ნასრის“ მწვრთნელი გახდეს, სადაც კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიელი სპეციალისტი „ალ იტიჰადში“ უნდა გადასულიყო, სადაც მისი წლიური ხელფასი 10 მილიონი ევრო უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ, შეთანხმება ვერ შედგა.
ამჟამად „ალ ნასრის“ მთავარი მწვრთნელი ლუის კასტროა, რომელიც კლუბში გასული წლის ზაფხულში მივიდა, თუმცა როგორც მედია წერს, მისი თანამდებობიდან გათავისუფლება იგეგმება.
რაც შეეხება პიოლის, ის „მილანს“ სათავეში 2019 წლის ჩაუდგა და გუნდს 2021-2022 წლებში 11-წლიანი პაუზის შემდეგ, იტალიის ჩემპიონის ტიტული მოაგებინა.