ჟირონასთან კონტრაქტი გაწყვიტა | ტორპედოში 20 წლის ქართველი ფორვარდი ითამაშებს
CrystalSport-ის ცნობით, 20 წლის ქართველი ფეხბურთელი ლუკა მანაგაძე, რომელიც „ჟირონას’’ B გუნდის ფეხბურთელი იყო, კარიერას ქუთაისის „ტორპედოში’’ გააგრძელებს. სატრანსფერო ფანჯარა დახურულია და კლუბს ფეხბურთელის გაფორმების უფლება არ აქვს. ამიტომ, ლუკა წლის ბოლომდე სტივ კინის ხელმძღვანელობით ივარჯიშებს და ოფიციალურად კლუბის მოთამაშე ზამთარში გახდება, კლუბთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
CrystalSport-ის ცნობით, ლუკას პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბის, „ეშტორილის’’ ვარიანტიც ჰქონდა, თუმცა შემოთავაზებულმა კონტრაქტმა არ დააკმაყოფილა და უპირატესობა „ტორპედოს’’ მიანიჭა.
ლუკა 6 წლის ასაკიდან ესპანეთში ცხოვრობს, „მარსეტის“ აკადემიაში ირიცხებოდა, „ჟირონაში“ გადასვლამდე „ხიმნასტიკ მანრესაში“ თამაშობდა. 2022 წლის ზაფხულში „ჟირონასთან’’ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ჯერ 19-წლამდე გუნდის და შემდეგ B გუნდის მოთამაშე იყო. საინტერესოა, რომ მისი თანაგუნდელი ანტალ იაკობაშვილი იყო, რომელმაც ახლახანს საქართველოს ნაკრებზე უარი თქვა და უნგრეთისთვის თამაში გადაწყვიტა.
გასული სეზონის მეორე ნახევარში „ჟირონამ’’ ლუკა ტერსერა ლიგის „მარჩამალოში’’ გაანათხოვრა. დაახლოებით 2 კვირაა, რაც მხარეები კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ და ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა.
2022-23 წლების სეზონში ლუკამ „ჟირონას'' 19-წლამდე გუნდში სადებიუტო გოლი „ბარსას'' გაუტანა, კარში ანდერ ასტრალაგა იდგა, რომელიც ამჟამად „ბარსას'' B გუნდის მეკარეა.