რას ველოდოთ ალბანეთისგან | სავარაუდო შემადგენლობა და დანაკლისი
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში „აირ ალბანიას“ სტადიონზე, რომელიც 21 690 მაყურებელს იტევს, ადგილობრივ ნაკრებს ესტუმრება.
ალბანელებს ლონდონის „არსენალისა“ და „ბარსელონას“ ყოფილი მცველი, ბრაზილიელი სილვინიო წვრთნის. „არწივების“ მთავარ გუნდამდე სილვინიო „ლიონსა“ და „კორინთიანსში“ წარუმატებლად იმუშავა, ალბანეთის ნაკრები კი 2023 წლის იანვარში ჩაიბარა.
ალბანეთის ნაკრებთან ერთად სილვინიომ ევროპის შესარჩევი ეტაპის ჯგუფი მოიგო (გადაუსწრო ჩეხეთს, პოლონეთს, მოლდოვასა და ფარერის კუნძულებს) და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, სადაც ე.წ. სიკვდილის ჯგუფში მოხვდა - ალბანელები იტალიასა და ესპანეთთან დამარცხდნენ, ხოლო ხორვატიის ნაკრებთან ფრედ ითამაშეს.
ალბანელებმა ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველ მატჩში ნეიტრალურ მოედანზე უკრაინა 2:1 დაამარცხეს. მატჩის პირველი ტაიმი 0-0 დასრულდა, შესვენების შემდეგ მალევე ნომინალურმა მასპინძლებმა იევჰენ კონოპლიას გოლით ანგარიში გახსნეს, თუმცა უკვე ხუთ წუთში ალბანელებმა არდიან ისმაილის გოლით წონასწორობა აღადგინეს, 66-ე წუთზე კი იასირ ასანიმ სტუმრები წინ გაიყვანა. უკრაინის წინააღმდეგ სილვინიოს გუნდმა 4-2-3-1 სქემით ითამაშა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი ერთ-ერთი გოლის ავტორი „ემპოლის“ მცველი, არდიან ისმაილი გახდა (8,3).
Transfermarkt-ის მონაცემებით, ალბანელების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი „ევერტონის“ ფორვარდი არმანდო ბროიაა (22 მილიონი ევრო), თუმცა ის გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება - ნაკრებში გამოძახებულთა სიაში ბროია „გრანადას“ თავდამსხმელმა მირტო უზუნიმ შეცვალა, თუმცა უკრაინის წინააღმდეგ მთელი მატჩი ფორვარდის პოზიციაზე „სივასსპორის“ ფეხბურთელმა, რეი მანაიმ ითამაშა.
სავარაუდო შემადგენლობა:
დიდი ალბათობით, სილვინიო საქართველოს წინააღმდეგ იმავე შემადგენლობით ითამაშებს, რომელმაც 3 დღის წინ უკრაინა დაამარცხა. როგორც ალბანელების მთავარმა მწვრთნელმა მატჩის წინ განაცხადა, მისი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია, თავს კარგად გრძნობს და მზად არის სათამაშოდ.
უკრაინის წინააღმდეგ მატჩში სათამაშო უპირატესობა ალბანელების მხარეს არ ყოფილა, რაც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმაც აღნიშნა. უკრაინელები უფრო მეტად ფლობდნენ ბურთს, მეტჯერ დაარტყეს კარისკენ და მეტი კუთხური მოიპოვეს. რაც შეეხება ალბანელებს, მათი შეტევების უმეტესობა მარცხენა ფლანგით ვითარდებოდა, სადაც პერიოდულად ხან ბაირამი, ხან კი ლაჩი თამაშობდნენ, თუმცა ორივე მათგანის ძლიერი ფეხი მარჯვენაა, ამიტომ ბაირამიც და ლაჩიც ცენტრისკენ შედიოდნენ და ფლანგს მიტაის უთავისუფლებდნენ, რომელიც აქტიურად ერთვებოდა შეტევებში და ხშირად ამწვავებდა თამაშს უკრაინელთა საჯარიმოსთან.
საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და სწრაფი კონტრშეტევებით მეტოქეს არაერთი პრობლემა შეუქმნა, რის გამოც სილვინიო, დიდი ალბათობით, პირველ ნომრად თამაშს არ გარისკავს და სასურველი შედეგის მიღწევას კონტრშეტევებზე შეეცდება.