გიორგი მამარდაშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

„რთულ თამაშს ველით“ - საქართველომ მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთთან მატჩისთვის მზადების ფარგლებში ბოლო ვარჯიში გამართა. ტირანაში, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, მატჩისწინა საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილმა, საბა გოგლიჩიძემ და ლუკა ლოჩოშვილმა მოახლოებულ მატჩზე ისაუბრეს. ქართველი ფეხბურთელების კომენტარებს ეროვნული ნაკრების პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი მამარდაშვილი:

„რთულ თამაშს ველოდებით. სანაკრებო დონეზე გასვლაზე თამაში მარტივი არასდროს არის. ვიცით, რომ ყველ ბილეთი გაყიდულია. ალბანეთის ნაკრებს კარგი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა.  ჩვენი გუნდი კარგ ფორმაში ხვდება თამაშს და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. 

ჩემი პირველი სანაკრებო მშრალი მატჩი სწორედ ამ სტადიონზე ჩავატარე. მაშინ ახალი დაწყებული მქონდა ევროპული კარიერა, ახლა კი, მეტი გამოცდილება მაქვს და ვეცდები ხვალინდელ შეხვედრაშიც კარგად ვითამაშო. 

მიუხედავად ანგარიშისა, ჩეხეთთან რთული თამაში გამოვიდა. კარგად ვითამაშეთ და სწორედ ამიტომ დაფიქსირდა ასეთი სხვაობა. მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია. მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს. ვუყურებდი და სიამოვნებას ვიღებდი ჩეხეთთან შეხვედრაში მათი თამაშისგან.

მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს. მათი მხარდაჭერის გარეშე, შესაძლოა, ვერც გავსულიყავით ევროპის ჩემპიონატზე. ცუდ და კარგ პერიოდშიც გვეხმარებიან და ყველაფერს გავაკეთებთ მათთვის. ერთი გუნდი ვართ და მათი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის“.

საბა გოგლიჩიძე:

„ჩეხეთის ნაკრების სახით ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ. კარგად მოვემზადეთ ამ თამაშისთვის, ასი პროცენტით დავიხარჯეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ალბანეთი რთული მეტოქეა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვაფასებთ. ვემზადებით და ვეცდებით, რომ ჩვენი თამაშით მივაღწიოთ წარმატებას“.

ლუკა ლოჩოშვილი:

„დაძაბულ ბრძოლას ველი. ალბანეთი სახლში ძალიან კარგად თამაშობს და რთული ოპონენტია. მეტოქე შევისწავლეთ და ვეცდებით, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ. მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა დაძაბული თამაში იქნება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

„ჩეხეთთან თამაშს დადებითად შევაფასებდი. კარგი, სანახაობრივი თამაში გამოვიდა. ბევრი გოლი გავიტანეთ და ვფიქრობ, რომ კარგ ფორმაში შევხვდით ერთა ლიგას. იმედი მაქვს ასე გავაგრძელებთ და დადებითი შედეგით დავასრულებთ ამ შეკრებას“.

ერთა ლიგის ახალი გათამაშება ორივე გუნდმა გამარჯვებით დაიწყო. 7 სექტემბერს, პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4:1 სძლია, ალბანეთმა კი პრაღაში უკრაინასთან 2:1 გაიმარჯვა.

ალბანეთის და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უარყოფითი ბალანსის გამოსწორებას ვეცდებით“ - ალბანური მედია საქართველოსთან მატჩზე
„უარყოფითი ბალანსის გამოსწორებას ვეცდებით“ - ალბანური მედია საქართველოსთან მატჩზე