მარცხი ნიდერლანდებთან - 21-წლამდე ნაკრებს ორი ფინალი ელის
21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის მორიგ ტურში, საქართველოს ნაკრები სტუმრად ნიდერლანდების ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, 3:1 დამარცხდა.
იმის მიუხედავად, რომ ნიდერლანდელები შესარჩევ ციკლში უდანაკარგოდ ასპარეზობს და ევროპის ჩემპიონატზე თამაშიც განაღდებული აქვს, მასპინძლებმა მაინც ამაღლებული მოტივაციით ითამაშეს და შეიძლება ითქვას, რომ დამაჯერებლად გაიმარჯვეს.
რეიზიგერის გუნდი შეხვედრის დებიუტში, მე-4 წუთზე დაწინაურდა. საქართველოს ნაკრების კარში გოლი ემეგამ გაიტანა და მე-18 წუთზე დუბლიც შეასრულა, რითაც ნიდერლანდები ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა. 31 წუთზე ოთო მამაგეიშვილმა საბა ხვადაგიანის ბრწყინვალე გადაცემა ზუსტად გამოიყენა და ეფექტური შესრულებით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
მეორე ნახევარში, 72-ე წუთზე ოჰიომ ჩვენი გუნდის კარში მესამე გოლი გაიტანა და 79-ე წუთზე დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა, ამის შესაძლებლობა საქართველოს ნაკრების მეკარემ, ლუკა ხარატიშვილმა არ მისცა. ოჰიომ პენალტი პანენკას სტილში შეასრულა, თუმცა, ხარატიშვილი ჩანაფიქრს მიუხვდა და ბურთი პირდაპირ ხელებში დაიჭირა.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს შესარჩევ ციკლში 8 თამაში აქვს ჩატარებული და 16 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება. რამაზ სვანაძის გუნდი უშუალო კონკურენტ შვედეთს, რომელსაც ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული, 3 ქულით უსწრებს. შვედები თავის მატჩს ხვალ, მოლდოვას წინააღმდეგ გამართავენ და გამარჯვების შემთხვევაში ქულებით გაგვითანაბრდებიან, თუმცა, ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით, მე-2 ადგილზე კვლავ ჩვენი გუნდი დარჩება.
საქართველოს ნაკრებს მომდევნო შეხვედრა 10 ოქტომბერს, სწორედ შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ ელის და ფრის შემთხვევაშიც, მე-2 პოზიციას შეინარჩუნებს.