„ალბანეთს კარგად ვიცნობთ. გამარჯვებისთვის მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ“ - სანიოლის პრესკონფერენცია
ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ერთა ლიგის 2024 წლის სეზონის მეორე ტურში სტუმრად ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე 1 დღით ადრე, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა სანიოლმა:
ალბანეთი შესანიშნავ სიტუაციაშია, ევროპის ჩემპიონატზე მათ შესანიშნავად ითამაშეს, ისევე როგორც ჩვენ. ყველას მოეხსენება ხვალ როგორი გარემო იქნება. მათ შესანიშნავი გულშემატკივარი ჰყავთ. წინა თამაშში ვნახეთ სტადიონზე როგორი გარემო იყო და ეს ყველა ფეხბურთელს ეხმარება.
კარგად ვიცნობთ ალბანეთის ნაკრებს, მათთან ორი წლის წინ ფრედ ვითამაშეთ. ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მაქსიმუმი გააკეთონ და მოედანზე იგივე შემართებით გავიდნენ, როგორიც ჩეხეთთან იყო.
ანგარიშის მიუხედავად ჩეხეთთან იოლი თამაში არ იყო, მოკლე პერიოდში გვიწევს თამაშების ჩატარება და ამის გამო, ფეხბურთელები გუშინ დავასვენე.
ხვიჩას პენალტი? ჩვენ გვყავს მოთამაშეები, რომლებიც პენალტებს კარგად ურტყამენ - ხვიჩა და მიქაუტაძე, ასევე გველესიანი, რომელიც ამ მიმართულებით შეგვიძლია ექსპერტად მივიჩნიოთ. მნიშვნელოვანია მოედანზე პასუხისმგებლობის აღება და ამ შემთხვევაში, ეს პასუხისმგებლობა კვარამ აიღო.
ხვიჩას და ჩაკვეს პოზიციები? ევროპის ჩემპიონატზე მათ პოზიციებთან დაკავშირებით ცვლილებები იყო. ჩეხეთთან კი სხვაგვარი გადაწყვეტილება მივიღეთ.
იქნება თუ არა ცვლილება მარცხენა ვინგბექის პოზიციაზე? რა თქმა უნდა, დღეს ცვლილებაზე საუბარს არ ვაპირებ. ყველა თამაში განსხვავებულია და ვერ ვიტყვი, თუ რომელი მოთამაშე ჩაიცვამს მაისურს. რაც შეეხება ლოჩოშვილს, მისი გამოყენება საჭირო იყო. ცვლილებაზე ახლა საუბარი არ მსურს.
უკრაინისა და ალბანეთის მატჩი? როდესაც გუნდი იმარჯვებს, შეფასება მარტივია. უკრაინა უფრო მეტად აკონტროლებდა ბურთს, მაგრამ ალბანეთი თავს კარგად იცავდა.
ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.