სკანდალი ვალენსიაში - მამარდას თანაგუნდელი დასაჯეს
რაფა მირი „ვალენსიას“ მომდევნო ორ შეხვედრაში არ ითამაშებს. სექსუალური ხასიათის სკანდალში გახვეული 27 წლის ფორვარდი „ღამურებმა“ გამოძიების დასრულებამდე დასაჯეს და 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციისა და სოლიდური ფულადი ჯარიმის გადახდის პარალელურად, მას თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში გაურკვეველი ვადით აუკრძალეს.
მისთვის უსიამოვნო ამბავის გახმაურების შემდეგ, მირმა მაშინვე საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც საკუთარ უდანაშაულობას ამტკიცებდა და თავდაპირველად, „ვალენსიას“ შეფებმაც ნეიტრალური პოზიცია დაიჭირეს, რაშიც ის იგულისხმებოდა, რომ გამოძიების დასრულებამდე ქმედითი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებდნენ.
რა შეიცვალა მას შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კლუბის შეფების ბოლო ნაბიჯებიდან უკვე კარგად ჩანს, რომ მათ ფეხბურთელის გულწრფელობაში, რომელიც სამოქალაქო გვარდიამ ორი გოგონას გაუპატიურებისთვის რამდენიმე დღის წინ დააკავა და ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილისა და გირაოს სანაცვლოდ დროებით გაანთავისუფლა, ეჭვი ეპარებათ.
რაფა მირი „ვალენსიას“ აკადემიის აღზრდილია და მშობლიურ კლუბს გასულ ზაფხულს დაუბრუნდა, იქამდე კი „ვულვზის“, „ლას პალმასის“, „ნოტინგემის“, „უესკასა“ და „სევილიას“ იცავდა. მირმა 2023 წელს ანდალუსიელებთან ერთად ევროპა ლიგა მოიგო, 2021 წელს კი ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში ტოკიოს თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა.