ჯაკობია: „ჩაკვე-კვარას დონის დუეტი B დივიზიონში არავის ჰყავს“
უმძიმესი ტრავმით გამოწვეული თითქმის 2-წლიანი უქმობისა და ურთულესი სარეაბილიტაციო პროცესის შემდეგ, ახლა უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ძველებური ფორმა აღიდგინა და გულშემატკივარი მწვანე მინდორზე მის საუკეთესო ვერსიას უყურებს. ინგლისის ჩემპიონშიპში „უოტფორდის“ რიგებში კარგად დაწყებული სეზონი, 25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა უეფას ერთა ლიგის პირველ ტურში დააგვირგვინა, გოლის გატანასთან ერთად, საგოლე პასიც შეასრულა და საქართველო - ჩეხეთის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ბუნებრივია, ჩაკვეს შესახებ ყველაზე ბევრი რამ მისმა აგენტმა ლაშა ჯაკობიამ იცის, რომელმაც Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საინტერესოდ ისაუბრა.
რას ამბობს ჯაკობია
არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ჩეხეთის ნაკრებთან საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ისტორიაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელებმა ვილი სანიოლის მითითებები მოედანზე ბოლომდე გადაიტანეს და შედეგიც სახეზეა.
წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ გიორგი ჩაკვეტაძის გამო, რომელსაც საოცარი თამაში ჰქონდა. ამას ველოდი კიდეც, რადგან „უოტფორდშიც“ სეზონი მაგრად დაიწყო და ყველას დაუმტკიცა, რაც შეუძლია.
ჩაკვეტაძის დაბრუნებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ვლადიმირ ვაისს, რომელმაც რთულ პერიოდში მას ნდობა გამოუცხადა და „სლოვანში“ წაიყვანა. თუმცა, თავად გიორგი საოცრად მტკიცე ხასიათის, შინაგანად ძლიერი და მიზანდასახული ადამიანია.
რა თქმა უნდა, უამრავი ზარი შემოვიდა და მილოცვებს ვიღებდი უბრალოდ გულშემატკივრებიდან დაწყებული, საფეხბურთო ექსპერტებით დამთავრებული. დაბრუნებისკენ მიმავალ გზაზე გიორგის წინ ბევრი დაბრკოლება შეხვდა - „ჰამბურგის“ მწვრთნელმა მას შანსი არ მისცა, ასევე ბევრმა ევროპულმა კლუბმა მისი შესაძლებლობების არ დაიჯერა და აყვანაზე უარი თქვა, რომლებიც გუშინდელი თამაშის შემხედვარე, დარწმუნებული ვარ საკუთარ საქციელს ინანებდნენ.
მთლიანად ევროპის მასშტაბით ამის თქმას მოვერიდები, მაგრამ უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში ჩაკვე-კვარას დონის დუეტი არც ერთ გუნდს არ ჰყავს. ხვიჩა და გიორგი საოცრად შეთამაშდნენ და ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის მათი შეჩერება დიდი თავსატეხია. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ოთარ კიტეიშვილი და გიორგი მიქაუტაძე, რომელთაც ჩეხებთან გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.
ცნობისათვის, ჩაკვეტაძის გარდა, ლაშა ჯაკობია ლევან შენგელიას, ჯიმი ტაბიძისა და კიდევ რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის აგენტია.