„ბრავო საბა“ - გოგლიჩიძის თავბრუდამხვევი კვირა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საბა გოგლიჩიძის კარიერაში იმდენი დასამახსოვრებელი რამ მოხდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს არასოდეს დაავიწყდება. ჯერ იტალიის სერია A-ში „ბოლონიასთან“ შეხვედრაში „ემპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ ნდობა გამოუცხადა და ძირითად შემადგენლობაში დააყენა. 20 წლის ფეხბურთელმა კი შანსი მშვენივრად გამოიყენა და თანაგუნდელებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
საკლუბო წარმატებიდან რამდენიმე დღეში კი მას კარიერის მთავარი ოცნება აუხდა და ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში გამოიძახა. არამხოლოდ გამოიძახა - როგორც აღმოჩნდა, ფრანგმა სპეციალისტმა ახალგაზრდა მცველი წინასამატჩო პრეს კონფერენციაზე ტყუილად არ შეაქო და ჩეხებთან მცირე ხნით, მაგრამ მაინც თავის გამოჩენის საშუალება მისცა. გოგლიჩიძის სანაკრებო დებიუტს კი „ემპოლი“ სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა და დაუწერა: „ბრავო საბა“.
ამჟამად ის ტირანში იმყოფება და თანაგუნდელებთან ერთად ალბანელებთან გასამართი უეფას ერთა ლიგის მეორე ტურისთვის ემზადება. ამის მერე კი საბა ისევ ტოსკანურ კლუბს შეუერთდება და სერია A-ს მეოთხე ტურისთვის შეეცდება ძალების აღდგენას, სადაც მას და მის თანაკლუბელებს სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, რადგან „ემპოლი“ ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.