გურამ თუშიშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური, შოთა ხაბარელი
Aa
Aa

„ტატოც თუ 90 კილოგრამში ავიდა“ - ინტერვიუ შოთა ხაბარელთან

1980 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში შოთა ხაბარელმა კარიერის დასრულების შემდეგაც საკუთარი თავი სპორტის ამ სახეობას მიუძღვნა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური 2004 წელს სწორედ მისი ხელმძღვანელობით გახდა. ხაბარელის მოსაზრება ქართულ ძიუდოში მიმდინარე მოვლენებზე მუდამ საინტერესოა და Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან როგორც მოახლოებულ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე, ასევე თითოეულ წონით კატეგორიაში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.

შოთა ხაბარელი

არ ვფიქრობ, რომ 90 კილოგრამში 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაურისა და მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა მაისურაძის ყოფნა პრობლემატურია. პირიქით, ეს დიდი ბედნიერებაა და ნეტავ სხვა წონებშიც მსგავსი კონკურენცია იყოს. ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებამდე თუ არ ვცდები სამ-სამ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე მოუწევთ ჭიდაობა და რომელიც თავს გამოიჩენს, შანსიც მას მიეცემა.

ასეთი მძაფრი კონკურენცია, იძლევა საბოლოო შედეგს. გაიხსენეთ ჩემი მწვრთნელობის დროს ამავე წონით კატეგორიაში ირაკლი ცირეკიძესა და ზურაბ ზვიადაურს შორის საუკეთესოს ამორჩევა რამდენად რთული იყო და რა შედეგი მოგვცა ამან? ათენში ზურა ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, ხოლო პეკინში - ირაკლი.

ისედაც არანორმალური კონკურენცია 90 კილოგრამში კიდევ უფრო არანორმალურ და საოცარ სახეს იცით რა შემთხვევაში მიიღებს? ტატო გრიგალაშვილიც თუ ამ წონაში ავა. ბუნებრივია, ასაკის მატებასთან ერთად წონის კონტროლი რთულია, თან მას მხრების ტრავმაც აწუხებს და არ ვიცი როგორ და რას გადაწყვეტენ. ტატოს შესახებ ბევრი რამ ვიცი, რადგან მისი პირადი მწვრთნელი ჩემი ძმისშვილი მირზა ხაბარელია.

გურამ თუშიშვილის 6-თვიან დისკვალიფიკაციას არ ველოდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ აპელაციაც არ ღირს, რადგან 2024 წელს დიდი ტურნირები აღარ არის დარჩენილი და საჩივრის შეტანით საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს. თუშიშვილის შემცვლელად გელა ზაალიშვილი მესახებოდა, მაგრამ როგორც ვიცი მასაც დისკვალიფიკაცია აქვს და არ ვიცი გურამის დაბრუნებამდე ვინ დადგება ამ წონაში.

28 სექტემბერს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის არჩევნები შედგება და ჩემი აზრით მოქმედ ხელმძღვანელობას კონკურენცია და ხელის შეშლა კი არა, ხელშეწყობა სჭირდება. ისინი თავის საქმეს იდეალურად ასრულებენ და ამაზე ბოლოდროინდელი შედეგებიც კარგად მეტყველებს.

ხაბარელი 78 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა და 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონობის გარდა, ის 1983 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. რაც შეეხება ევროპის პირველობაზე ნაჩვენებ შედეგებს, 1979 და 1982 წლებში ვერცხლს, ხოლო 1981 და 1983 წლებში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გრიგალაშვილი სამეულშია - ძიუდოს საერთაშორისო რეიტინგი
გრიგალაშვილი სამეულშია - ძიუდოს საერთაშორისო რეიტინგი