რებროვი ალბანელებზე: „სივრცეებს საერთოდ არ ტოვებენ“
ალბანეთის ნაკრები საქართველოს ეროვნული გუნდისთვის უხერხული მეტოქე არასოდეს ყოფილა და „შკიპერებთან“ აქამდე ჩატარებული 14 მატჩიდან ქართველმა ფეხბურთელებმა 7 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ 3-ჯერ დამარცხდნენ. ამ სტატისტიკიდან და ჩეხებთან (4:1) ნაჩვენები შთამბეჭდავი თამაშიდან გამომდინარე, 10 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ფავორიტად უნდა ჩაითვალოს, თუმცა თავის მხრივ ალბანელებმაც დაამარცხეს სტუმრად უკრაინა (1:2) და თუ რამდენად ძლიერი გუნდი ჰყავს ბრაზილიელ სილვინიოს, ამაზე მისმა ვიზავიმ უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საინტერესოდ ისაუბრა.
სერგეი რებროვი
ჩემი აზრი ასეთია, რომ გამოუყენებელი მომენტების გამო დავისაჯეთ და დავმარცხდით, მაგრამ არსებობს სხვა გარემოებებიც და მეტოქის საოცარი სიძლიერე არ უნდა დაგვავიწყდეს.
გადაჭარბებად არავინ ჩამითვალოს, მაგრამ ალბანეთის ნაკრები უზომოდ ძლიერი და ორგანიზებული გუნდია, რომელიც იოლად არც ერთ მოწინააღმდეგეს არაფერს არ დაუთმობს. ისინი დაცვაში სივრცეებს პრაქტიკულად არ ტოვებენ და მათი კონტრშეტევების შეჩერება ურთულესი საქმეა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები უკვე ტირანაშია და ალბანელებთან მატჩისთვის ემზადება, რომელიც სამშაბათს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.