„ჩეხების განადგურების აქტიური მონაწილე იყო“ - ლევანტე ქოჩორას თამაშს გამოეხმაურა
ისევე როგორც სხვა ფეხბურთელებმა, გიორგი ქოჩორაშვილმაც გუშინ ჩეხებთან საქართველოს ნაკრების რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. 25 წლის ნახევარმცველი როგორც მეტოქე გუნდის იერიშების ჩაშლის, ასევე თანაგუნდელების შეტევების დროს აქტიური იყო და თავდაუზოგავი შრომით გამოირჩეოდა. მეორე ნახევარში კი გიორგი ჩაკვეტაძის უზადო გადაცემით ეროვნულ გუნდში სადებიუტო ბურთი გაიტანა.
ბუნებრივია მის ასპარეზობას „ლევანტეს“ ოფიციალური ვებ-გვერდი გამოეხმაურა და სტატიაში აღნიშნული გახლდათ, რომ ჩეხების განადგურებაში ქოჩორაშვილი აქტიურად მონაწილეობდა და ბრწყინვალედ მოთამაშე საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. მოგეხსენებათ, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონი სანაკრებო მატჩების დროს პაუზას არ იღებს და ვალენსიელები სინანულით აღნიშნავდნენ, რომ ასეთ ბრწყინვალე ფორმაში მყოფი გიორგი „ლევანტეს“ „კარტახენასთან“ გასვლით მატჩში ვერ დაეხმარა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ სანაკრებო ფეხბურთის მსგავსად, გიორგი ქოჩორაშვილი საკლუბო დონეზეც შედეგიანია და წლევანდელი სეგუნდა დივიზიონის სამ შეხვედრაში ერთი გოლის გატანასთან ერთად, ერთი ეფექტური საგოლე გადაცემის შესრულებაც მოასწრო.