გამარჯვების შემოქმედები - ჩაკვე-კვარას დუეტი გამოარჩიეს
უეფას ერთა ლიგის პირველ ტურში მიხეილ მესხის სტადიონზე ჩეხეთთან (4:1) მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები არამხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო სპორტული პრესის მთავარი სალაპარაკო თემაა. მონღოლეთთან (6:1) ამხანაგურ შეხვედრას თუ არ ჩავთვლით და მხედველობაში მხოლოდ ოფიციალურ მატჩებს მივიღებთ, გიორგი ჩაკვეტაძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთ თამაშში გოლის გატანაც და საგოლე გადაცემის შესრულებაც თითქმის 6-წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა - უკანასკნელად მას ეს 2018 წლის 19 ნოემბერს, თბილისში ყაზახეთთან (2:1) მატჩისას ჰქონდა გაკეთებული, როდესაც ჯერ გიორგი მერებაშვილს გაატანინა, ხოლო შემდეგ თავად აიღო სტუმართა კარი.
რაც შეეხება თამაშის კიდევ ერთ გმირს ხვიჩა კვარაცხელიას, მან 35-ე სანაკრებო შეხვედრაში თავი მე-17 გოლითა და მე-7 საგოლე პასით გამოიჩინა, რაც მართლაც არაჩვეულებრივი შედეგია. ხვიჩა ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მეორე პოზიციაზე მყოფ თემურ ქეცბაიას გაუთანაბრდა და ლიდერ შოთა არველაძეს (26) მხოლოდ 9 ბურთით ჩამორჩება.
სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება უეფას ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების B დივიზიონის პირველი ტურის შეფასების დროს ცნობილმა ანალიტიკურმა ვებ-გვერდმა Whoscored.com-მა და 10-ბალიანი სისტემით ჩაკვეტაძეს - 8.54 შეფასება, ხოლო კვარაცხელიას (8,76) მისცა.
რას წერენ ჩაკვე-კვარაზე
ჩაკვეტაძე იყო ყველგან მაშინ, როდესაც მისი გუნდის იერიშები იწყებოდა და სათანადო განვითარებას საჭიროებდა. ანაწილებდა პასებს, გაიტანა გოლი და ბოლო ბურთი ქართველებმა მისი არნახულად ეფექტური პასის შედეგად შეაგდეს.
წლევანდელი სეზონი ჩაკვეტაძესთვის ძალიან წარმატებულად დაიწყო - ის როგორც ეროვნულ ნაკრებში, ასევე „უოტფორდში“ ნახევარდაცვის ლიდერი და შეტევების სულისჩამდგმელია.
რაც შეეხება კვარაცხელიას, პირადად მოპოვებული 11-მეტრიანი მშვიდად, აუღელვებლად და ოსტატურად შეასრულა. გატანილი გოლის გარდა, ჩეხების კარს სახიფათოდ 3-ჯერ დაემუქრა და 3 საკვანძო პასი შეასრულა.
ფაქტია, რომ ხვიჩა მშვენიერ ფორმაშია და საქართველოს ნაკრების ლიდერობა მისთვის ტვირთი კი არა, ნამდვილი სიამოვნებაა.
Whoscored-ის სიმბოლურ ნაკრებში ჩაკვეტაძესთან და კვარაცხელიასთან ერთად ირლანდიელი კაომჰინ კელეჰერი, ინგლისელები ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი და დეკლან რაისი, მონტენეგროელი სლობოდან რუბეჟიჩი, ბერძნები კონსტატინოს მავროპანოსი და ფოტის იოანიდისი, ყაზახი იან ვოროგოვსკი, ნორვეგიელი მარტინ ოდეგორი და ალბანელი რეი მანაი მოხვდნენ.