გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„დიდი ნიჭი და ბრწყინვალე მენტალიტეტი...“ - ლივერპულის სტატია მამარდაზე

„ლივერპულის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ვრცელი სტატია ვრცელდება. სტატიის ავტორი, გლენ პრაისი The Athletic-ის კორესპონდენტ დერმოტ კორიგანთან ჩაწერილ ინტერვიუს წარმოგვიდგენს.

ცნობისთვის, დერმოტ კორიგანი ბრიტანულ გამოცემაში ლა ლიგის მიმომხილველად მუშაობს და „ლივერპულის“ ოფიციალურ გვერდთან მამარდაშვილის ასპარეზობას ანალიტიკურად აფასებს.

როგორი იყო რეაქცია, როდესაც გაიგეთ, რომ „ლივერპულმა“ „ვალენსიასთან“ მამარდაშვილის ტრანსფერი შეათანხმა?

„დიდად არ გამკვირვებია. ის მართლაც კარგი მეკარეა და ბევრი იყო საუბარი იმის შესახებ, რომ რაღაც ეტაპზე „ვალენსიას“ დატოვებდა და ეს პირველ რიგში იმის გამო მოხდებოდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ეთამაშა. აქამდე, საუბარი იყო, თუ როგორი დონის გუნდში გააგრძელებდა კარიერას, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, როდესაც საქართველოს ნაკრებში თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა, მოსალოდნელი იყო, რომ კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებდა. „ლივერპული“ მისთვის შესანიშნავი ნაბიჯია და ასევე, მისი მოყვანით „ლივერპულიც“ ბევრს მოიგებს“.

„ვალენსიამდე“ მას ცოტა უჩვეულო მარშრუტი ჰქონდა. „ვალენსიას“ პრეზიდენტის, პეტერ ლიმის მმართველობის პერიოდში გუნდმა სწორი პოლიტიკა ჩამოაყალიბა, რაც მთელი მსოფლიოდან ახალგაზრდების მოყვანას გულისხმობს. პირველ ჯერზე, მათ ჯერ გუნდის შედეგებზე უნდა მოეტანათ სარგებელი, შემდეგ კი გარკვეული პერიოდის შემდეგ კლუბი მათ გაყიდდა, რითაც ფინანსურ მოგებაზე გავიდოდნენ. მამარდაშვილის სწორედ ამ პროექტის ნაწილი იყო. გუნდში ის საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში მივიდა და როდესაც ითამაშა, გამოჩნდა, რომ სუპერპოტენციალი ჰქონდა. ის „ნედლი“ იყო და მომწიფება სჭირდებოდა. ახლა ტექნიკურად და ტაქტიკურადაც გაუმჯობესდა, მაგრამ მანამდე მისი როლი „ვალენსიას“ მოკლევადიან პერსპექტივაში უფრო მნიშვნელოვანი იყო, რადგან ყველა ხვდებოდა, რომ „ღამურებში“ მას დიდი ხნით არ გააჩერებდნენ და მალევე მიიპყრობდა რომელიმე დიდი გუნდის ინტერესს“.

100-ზე მეტი მატჩი 23 წლის ასაკში...

„ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში „ვალენსიას“ როგორც აღმავლობა, ისე ვარდნაც ჰქონდა. ეს მოთხოვნადი კლუბია, გულშემატკივრები კი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს იყვნენ მიჩვეულები. გვახსოვს, რომ რაფა ბენიტესის მწვრთნელობის დროს ლა ლიგა მოიგეს, რამდენიმე წლის წინ კი კოპა დელ რეის გამარჯვებულები გახდნენ. ორიოდე წლის წინ ისინი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდნენ, საუკეთესო ფეხბურთელები გაყიდეს და ამის გათვალისწინებით, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის და განსაკუთრებით მეკარისთვის, თავის დამკვიდრება მარტივი არ ყოფილა. ყოველი სეზონის დაწყებამდე, მის წინ, დაცვაში მუდმივად ცვლილებები ხდებოდა, ის კი ყოველთვის სტაბილურობით გამოირჩეოდა. ვფიქრობ, გასული სეზონის მისთვის საუკეთესო იყო. ამაზე მისი სტატისტიკაც მეტყველებს. ის ლა ლიგის გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყო. გვაჩვენა, რომ ახალ დონეს მიაღწია“.

ძლიერი მხარეები, რეაქცია, სეივები და პენალტები...

„ის მაღალი და ფიზიკურად ძლიერი ბიჭია, რომელსაც დიდი მენტალიტეტი აქვს. უყვარს თამაშში ჩართვა. პენალტები ის კომპონენტია, რომელიც მეკარეებს გაბრწყინების შანსს აძლევს. ლა ლიგის გასულ სეზონში მან 6-დან 3 პენალტი მოიგერია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. „ვალენსიაში“ მისი მწვრთნელი ხოსე მანუელ ოჩოტორენაა, რომელიც „ლივერპულში“ რაფასთან ერთად მუშაობდა. ასევე, ის ესპანეთის ნაკრებში ოქროს პერიოდში იყო და მოიგო 2010 წლის მუნდიალი და ორი ევროპის ჩემპიონატი. „ფურია როხაში“ ის იკერ კასილასთან და პეპე რეინასთან ერთად მუშაობდა. სწორედ მის ხელში გაიზარდა მამარდაშვილიც. ოჩოტორენას ხელში აღმოჩნდა დიდი ნიჭი ბრწყინვალე ფიზიკური მონაცემებით, რეფლექსებითა და იმ ყველაფრით, რაც დიდებულ მეკარეს სჭირდებოდა. „ვალენსიაში“ ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელთან მუშაობდა და ყველაფერი სახეზეა, ეს მისთვის ნამდვილად სასარგებლო აღმოჩნდა“.

მზად არის, თუ არა პრემიერ ლიგისთვის?

„შესაძლოა, მეკარეები, რომლებიც სხვა ლიგებიდან მოდიან, ძირითადად ხაზზე თამაშს იყვნენ მიჩვეულები, გამოსვლებზე თამაში უჭირთ და ა.შ. თუმცა, მამარდაშვილის შემთხვევაში, ამაზე არ ვინერვიულებდი. ის ერთგვარად ტრადიციული მეკარეა. მას არასდროს უთამაშია ისეთ კლუბში, რომელიც სტაბილური იქნებოდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში, მაგრამ მაინც ახერხებს თავის გამოჩენას. ერთადერთი, რომელშიც გამოცდილების დაგროვება სჭირდება, უკნიდან ფეხით თამაშია. ეს მას არ გაუკეთებია არც ვალენსიაში და არც საქართველოს ნაკრებში. არ ვამბობ, რომ მას ეს არ შეუძლია, უბრალოდ კარიერაში შესაბამისი გამოცდილება ჯერ არ ჰქონია“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულს“ 2025/26 წლების სეზონიდან შეუერთდება. მერსისაიდულმა კლუბმა ქართველი მეკარის სანაცვლოდ „ვალენსიას“ 35 მილიონი ევრო გადაუხადა. მამარდაშვილი „ვალენსიაში“ კიდევ ერთი სეზონით, იჯარის წესით ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: ევრო 2024-ის შემდეგ ფეხბურთელთა ეს რეაქცია ძალიან მახარებს
სანიოლი: ევრო 2024-ის შემდეგ ფეხბურთელთა ეს რეაქცია ძალიან მახარებს