Il Mattino: ხვიჩას კონტრაქტზე შეთანხმება ისევ ვერ ხერხდება
ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად განიხილება ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი და კონტრაქტის გახანგრძლივება.
ქართველ ვარსკვლავს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, პარი სენ ჟერმენი ეპატიჟებოდა და წელიწადში 10 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა. ხვიჩა ნაპოლიში დარჩა.
აურელიო დე ლაურენტისს სურს, რომ კვარაცხელიას კონტრაქტი გაუხანგრძლივოს, თუმცა შეთავაზებული პირობები ქართულ მხარეს არ აკმაყოფილებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ახალ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს და წერს, რომ მხარეებს შორის ჯერ კიდევ დიდი დისტანცია არსებობს. კონტრაქტის გახანგრძლივება კი კვლავ ჩიხშია შესული.
ნაპოლი ქართველ ფეხბურთელს 2029 წლამდე გუნდში დარჩენას და წელიწადში 5 მილიონ ევროს სთავაზობს, თუმცა ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი 8 მილიონს ითხოვს. ეს კი სიტუაციას ართულებს.
Il Mattino ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის ჯერ კიდევ არ არსებობს შეთანხმება. გამოცემა ვარაუდობს, რომ შექმნილ ვითარებაში გამოსავალი შესაძლოა კონტრაქტში კონკრეტული გამოსასყიდი თანხის ჩაწერა იყოს. სხვა გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს.
ცნობისთვის, კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის ჩაწერა იმას ნიშნავს, რომ თუ რომელიმე კლუბს კვარაცხელიას გადაბირება ენდომება, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას გადაიხდის და ხვიჩას ნაპოლიში ვეღარავინ დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის, ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფება და ალბანეთთან გასამართი მატჩისთვის ემზადება.