მცირე ტრავმა აღენიშნება - ოლმო ნაკრებიდან კატალონიაში ბრუნდება
ერთა ლიგაზე ესპანეთის ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდება. ბარსელონას გულშემატკივრებისთვის კი არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.
ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ დანი ოლმო შვეიცარიის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს და მეტიც, კატალონიაში ბრუნდება.
რომანოს თქმით, ესპანელ ნახევარმცველს ტრავმა აღენიშნება, თუმცა სერიოზული არაფერია. მიუხედავად ამისა, ფურია როხას სამედიცინო პერსონალმა გადაწყვიტა, რომ გარისკვა არ ღირს. დანის დამატებითი გამოკვლევა უკვე კატალონიაში ჩაუტარდება.
შეგახსენებთ, რომ ოლმო ბარსელონას მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა, თუმცა ლა ლიგის პირველი ორი ტური გამოტოვა. ამის მიზეზი მისი ვერ დარეგისტრირება იყო.
დარეგისტრირების შემდეგ, 26 წლის ნახევარმცველმა 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გულშემატკივრებს თავი 2 გატანილი გოლით დაამახსოვრა.