კარიერაში პირველად - არინა საბალენკამ US OPEN მოიგო
ამერიკის ღია პირველობა დასასრულს მიუახლოვდა. დღეს, ქალთა თანრიგში ფინალი გაიმართა, რომელშიც არინა საბალენკა ჯესიკა პეგულას დაუპირისპირდა და ორ სეტში 7:5 7:5 დაამარცხა.
პირველი სეტი მეტად დრამატული გამოდგა. საბალენკამ ცუდად დაიწყო და მესამე გეიმში საკუთარი ჩაწოდება დათმო, თუმცა ამის შემდეგ, ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა. იმ დროს, როდესაც არინა სეტზე აწვდიდა, საკუთარი ჩაწოდება დათმო და წონასწორობა აღდგა. ყველაფერი კი მე-12 გეიმში გადაწყდა. საბალენკას პეგულას ჩაწოდების დროს 5 სეტ პოინტი ჰქონდა, რომელიც საბოლოო ჯამში გამოიყენა და სეტებს შორის დაწინაურდა.
მეორე სეტი ბელარუსმა ჩოგბურთელმა კარგად დაიწყო და ბრეიკიანი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა პეგულა მარტივად დანებებას არ აპირებდა და ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა. მეათე გეიმში, როდესაც ჯესიკა სეტზე აწვდიდა, საბალენკამ ბრეიკი შეასრულა, შემდეგ თავისი ჩაწოდება მოიგო და 6:5 დააფიქსირა. პეგულა მატჩში დასარჩენად იბრძოდა, თუმცა არინამ ორი მატჩ პოინტი მიიღო, საიდანაც მეორე გამოიყენა და ამერიკის ღია პირველობა მოიგო.
ცნობისთვის, არინა საბალენკამ კარიერაში მესამე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. აქამდე მას 2023 და 2024 წელს ავსტრალიის ღია პირველობა ჰქონდა მოგებული. უიმბლდონზე და როლან გაროსზე მისი მაქსიმუმი ნახევარფინალი გახლავთ.
ცნობისთვის, 26 წლის ბელარუსი WTA-ს რეიტინგში 8716 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. პირველ პოზიციას კი იგა შვიონტეკი 10885 ქულით იკავებს.