ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

ბრილიანტია, ტოპ კლუბში თამაში შეუძლია - სანიოლმა კიტეიშვილზე ისაუბრა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ „მიხეილ მესხზე’’ პრესკონფერენცია გამართა. რამდენიმე თემაზე ისაუბრა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კიტეიშვილის როლი იყო. ვილი სანიოლს მასზე ვკითხე, ევრო 2024-ზე ჩეხეთთან ბურთის კონტროლი და შეტევების განვითარება ძალიან გაგვიჭირდა, დღეს კი ივან ჰაშეკის გუნდს აშკარად ვაჯობეთ. კითხვა ასე დავასრულე: იყო თუ არა კიტეიშვილი მთავარი ფაქტორი, რატომაც დღეს ასეთი განსხვავებული თამაში ვაჩვენეთ ?

“სრულიად გეთანხმებით, 100 პროცენტით, მთავარი ფაქტორი იყო, მეტსაც გეტყვით, კიტეიშვილი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია. მას როგორც ტოპ ლიგაში, ასევე ტოპ კლუბში თამაში შეუძლია. როცა ევრო 2024-ზე თამაშობდა, ყველაფერი კარგად იყო. როცა გვაკლდა, თამაში ძალიან გვიჭირდა. მისი ფუნქცია რთულად შესასრულებელია. თავის ფუნქციებს იდეალურად ასრულებს, ბრილიანტია''.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს კიტეიშვილს გოლი არ გაუტანია, გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, თუმცა ვილიმ აღნიშნა, რომ 90 წუთისთვის მზად არ იყო და ამიტომ შეცვალა.

UEFA-ს ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველომ ჩეხეთს 4:1 მოუგო. გოლები კვარაცხელიას, ჩაკვეტაძის, მიქაუტაძისა და ქოჩორაშვილის ანგარიშზეა, ერთადერთი საპასუხო გოლი 4:0-ზე ლუკაშ კალვახმა გაიტანა. ვილი სანიოლის გუნდი ერთა ლიგაზე შემდეგ მატჩს ალბანეთთან სტუმრად გამართავს, თამაში 10 სექტემბერს, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები