სანიოლი: ევრო 2024-ის შემდეგ ფეხბურთელთა ეს რეაქცია ძალიან მახარებს
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ „მიხეილ მესხზე’’ პრესკონფერენცია გამართა.
„ამ სამი წლის განმავლობაში დიდი გზა გავიარეთ, ყოველთვის მჯეროდა, რომ წარმატების მიღწევა შეგვეძლო. მე განსაკუთრებით მაინტერესებდა, თუ როგორი რეაქცია ექნება გუნდს იმ კარგ შედეგებზე, რაც ჩვენ ვაჩვენეთ ევრო 2024-ზე. რაც მე დღეს ვნახე, ძალიან სასიხარულო იყო.
ბოლო ერთ წელში ჩვენი ნაკრები ძალიან შეიცვალა, თუმცა მე მჯეროდა, რომ სწორ გზაზე ვიყავით, წარმატების გზაზე ვიყავით. ევრო 2024-ზე თამაშის შემდეგ უფრო ამბიციურნი და თავდაჯერებულნი გავხდით.
მინდა ჩემს გუნდს ის თამაში მივულოცო, რომელიც დღეს აჩვენეს.
ზოგიერთი ცვლილება დაგეგმილი იყო, კიტეიშვილს 90 წუთით თამაში არ შეეძლო და ამიტომ შევცვალე. კვარას თვითონ შეუძლია განსაზღვაროს რამდენად შეინახოს ძალები შემდეგი მატჩისთვის.
პირველი 10 წუთი შეტევაში კარგად არ გვითამაშია, მაგრამ ფეხბურთელებს ვთხოვე, რომ წინ დარჩენილიყვნენ, უკან არ ყოფილიყვნენ, აქტიურად ეთამაშათ.
გეთანხმებით, რომ ევრო 2024-ზე ჩეხეთთან და დღეს - ეს ორი განსხვავებული თამაში იყო. კიტეიშვილი მთავარი ფაქტორი იყო რატომაც დღეს ასეთი განსხვავებული თამაში ვნახეთ. მეტსაც გეტყვით, რომ კიტეიშვილი ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია ევროპაში, ევრო 2024-ზე როცა თამაშობდა ყველაფერი კარგად იყო, მისი როლი ძალიან რთული შესასრულებელია. მოხარული ვარ, რომ გუნდში ასეთი ფეხბურთელი გვყავს, ის ბრილიანტია.
ევრო 2024-ის შემდეგ თქვენი, ფეხბურთელების და ჩემი მოლოდინები გაიზარდა. დღეს მოვიგეთ, თუმცა მარცხიც იქნება, ფეხბურთში ყველაფერი იდეალურად არ წავა. მნიშვნელოვანია მარცხის შემდეგ როგორ გამოიყურება გუნდი. ხვალიდან ალბანეთის ნაკრებთან თამაშზე მუშაობას დავიწყებთ.
როცა 4:0-ს იგებ, ახალგაზრდა ფეხბურთელების თამაში მნიშვნელოვანია, ეს მათ წაადგება. ნაკრებში თამაშის გამოცდილებას იძენენ.
საქართველოში მუშაობით ბედნიერი ვარ. აქ თავს კარგად ვგრძნობ. ფედერაციის მხრიდან მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი, მათ შორის მაშინ, როცა შედეგი დადებითი არ იყო''.
UEFA-ს ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველომ ჩეხეთს 4:1 მოუგო. გოლები კვარაცხელიას, ჩაკვეტაძის, მიქაუტაძისა და ქოჩორაშვილის ანგარიშზეა, ერთადერთი საპასუხო გოლი 4:0-ზე ლუკაშ კალვახმა გაიტანა. ვილი სანიოლის გუნდი ერთა ლიგაზე შემდეგ მატჩს ალბანეთთან სტუმრად გამართავს, თამაში 10 სექტემბერს, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.