„რომ არა სიცივე, მესი რუსეთში წამოვიდოდა“ - კატალონიელი მწვრთნელის კომენტარი
ნახევარი წლის წინ რუსეთის პრემიერ ლიგაში სამუშაოდ ესპანელი მწვრთნელი ფრანკ არტიგა წავიდა, რომელიც 11 წელი „ბარსელონას“ აკადემიაში მუშაობდა და მისი ხელმძღვანელობით ისეთი ცნობილი ფეხბურთელები ვარჯიშობდნენ, როგორებიც პაბლო გავი, ანსუ ფატი, ფერმინ ლოპესი და რიკი პუჩი არიან. ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში ვერ გეტყვით რამდენად სერიოზული იყო საუბრისას, თუმცა ფაქტია, მან დაადასტურა, რომ ლიონელ მესის რუსეთში თამაში შესთავაზა.
არტიგას განცხადებით, ლეომ მას პირდაპირ განუცხადა, რომ აუტანელი სიცივის გამო, რუსეთში გადასვლაზე არასოდეს დათანხმდებოდა, თორემ მას იქაური ფეხბურთის სხვა ყველა კრიტერიუმი აკმაყოფილებდა და სათანადო კლიმატის არსებობის შემთხვევაში, „ხიმკის“ წინადადებასაც მოისმენდა. კატალონიელი სპეციალისტი იმასაც აცხადებს, რომ მესიმ პირადად მას განუმარტა, რომ მაიამიში მხოლოდ და მხოლოდ თბილი ამინდების გამო გადადიოდა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ფრანკ არტიგა „ლა მასიას“ აკადემიაში 11 წლის განმავლობაში მუშაობდა და ამ ხნის მანძილზე „ბარსელონას“ სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებთან ერთად 11 ტიტული მოიგო.