გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი, გიორგი იანტბელიძე
Aa
Aa

„გენოს ჩემპიონობა გმირობის ტოლფასია“ - ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეფასება

პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა არაჩვეულებრივად იასპარეზეს. ჩვენი ქვეყნის სახელით ოთხ წონით კატეგორიაში ხალიჩაზე ამდენივე სპორტსმენი გავიდა და ორმა მათგანმა მედალი მოიპოვა. წინა ორ თამაშებზე ბრინჯაოსა და ვერცხლის პრიზიორობის შემდეგ, გენო პეტრიაშვილი (125 კგ) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, ხოლო გივი მაჭარაშვილი (97 კგ) მისთვის სადებიუტო ოლიმპიადაზე ვიცე-ჩემპიონი გახდა. სპორტსმენების გამოსვლა Crystalsport-თან საუბარში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საინტერესოდ შეაფასა.

გიორგი იანტბელიძე

მოხარულები ვართ, რომ ამდენწლიანმა დაუღალავმა შრომამ სათანადო შედეგი მოიტანა და ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს. გენოს მიერ მოპოვებული ოქროს მედალი ტოკიოში მომხდარის გათვალისწინებით, ნამდვილი გმირობის ტოლფასია.

მის ადგილას რომ წარმოიდგინოს თავი ნებისმიერმა, მერწმუნეთ ყველა მიხვდება, თუ რამხელა რაღაც გააკეთა პეტრიაშვილმა. წინა ოლიმპიური თამაშების დროს ისეთ ასაკში იყო, რომ კარიერულ ზენიტში გახლდათ და ფენომენალურადაც ჭიდაობდა, უბრალოდ წამებში გადაწყდა ყველაფერი და საოცრად არ გაუმართლა.

გივი მაჭარაშვილი არაჩვეულებრივი მოჭიდავეა და მას ოლიმპიადამდე იმდენად შთამბეჭდავი შედეგები ჰქონდა, იმდენად კარგად იყო მომზადებული, ასი პროცენტით ვიყავით დარწმუნებულები რომ მედალს აიღებდა, თუმცა სინჯს როგორც თავად, ასევე ჩვენ უმაღლესს ვგეგმავდით. ვერცხლიც ძალიან მაგარი შედეგია, მაგრამ გულდასაწყვეტი არის ის, რომ ჭიდაობა ბოლომდე ვერ ვიხილეთ და აბსოლუტური შემთხვევითობის გამო დამარცხდა. მას უძლიერესი მეტოქე ჰყავდა მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ მერწმუნეთ ტაჟუდინოვის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები გაშიფრული გვქონდა და ასი პროცენტით მზად ვიყავით.

მადლობას ვეტყვი გოდერძი ძებისაშვილსა და ვლადიმერ გამყრელიძეს, რომლებმაც პარიზში იასპარეზეს. მერწმუნეთ, ლიცენზიების აღება იმდენად გართულებულია, რომ მისი მოპოვება ლამის ოლიმპიური ჩემპიონობის ტოლფასია. ამ ბიჭებმა კი, რომელთაც ყველაფერი წინ აქვთ, რაც შეეძლოთ, გააკეთეს.

წელს კიდევ ერთი დიდი ტურნირი მსოფლიოს ჩემპიონატი გველის, სადაც მედლები როგორც ყველა ოლიმპიურ წელს, ამჯერადაც იმ წონებში გათამაშდება, რომელიც პარიზში არ იყო წარმოდგენილი. საბოლოო შემადგენლობა ჯერჯერობით არ დამისახელებია, მაგრამ 99 პროცენტით პლანეტის პირველობაზეც ის ბიჭები იასპარეზებენ, რომლებიც რუმინეთში ევროპის ჩემპიონატზე იყვნენ წასულები.

ჭიდაობის წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატს 28-31 ოქტომბერს ალბანეთის დედაქალაქი ტირანა უმასპინძლებს და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში შეჯიბრება ოთხ არაოლიმპიურ წონით კატეგორიაში ჩატარდება. როგორც იანტბელიძემ განაცხადა, ის პლანეტის პირველობაზე იმ მოჭიდავეებს გამოუცხადებს ნდობას, რომლებიც ევროპაზე ჰყავდა წაყვანილი. შესაბამისად, განაცხადში სავარაუდოდ შოთა ფარტენაძე (61 კგ), აკაკი ქემერტელიძე (70 კგ), ავთანდილ კენჭაძე (79 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ) მოხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არასოდეს დანებდეთ, ის მარცხი აღარც მახსოვს“ - გენო პეტრიაშვილის ახდენილი ოცნება
„არასოდეს დანებდეთ, ის მარცხი აღარც მახსოვს“ - გენო პეტრიაშვილის ახდენილი ოცნება