ფლიკის გეგმა - კიმიხი და ტა თავისუფალი აგენტები ხდებიან
„ბარსელონა“ 2025 წლისთვის თავისუფალი აგენტების ბაზარს აკვირდება და გეგმებს აქედანვე აწყობს. ჰანსი ფლიკს მომდევნო სეზონიდან იოზუა კიმიხისა და ჯონათან ტას დამატება სურს. 2025 წლის ივნისისთვის ორივე მათგანი თავისუფალი აგენტი იქნება.
ტამ „ლევერკუზენს“ უკვე განუცხადა, რომ ხელშეკრულების გახანგრძლივება არ სურს. ამიტომ მას სეზონის ბოლოს თავისუფლად წასვლა შეეძლება. Mundo Deportivo წერს, რომ „ბარსელონა“ ფეხბურთელის აგენტს პინი ზაჰავის უკვე დაუკავშირდა და მათი გეგმის შესახებ აცნობა.
„ბარსას“ 28 წლის ცენტრალური მცველის ყიდვა აგვისტოშიც სურდა, თუმცა 20 მილიონი ევროს გადახდა არ ისურვეს და ერთ წელს მოიცდიან.
რაც შეეხება კიმიხს, „ბაიერნს“ მისი უფასოდ დაკარგვა არ სურს და ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით არაფერი გამოსდის. გერმანელ უნივერსალს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსი ხიბლავს, რადგან მას ბევრი მსუყე წინადადება აქვს.
29 წლის კიმიხის გაფორმების სურვილი მადრიდის „რეალსა“ და „მანჩესტერ სიტისაც“ აქვთ, თუმცა ფლიკის ფაქტორიდან გამომდინარე „ბარსა“ ფავორიტად ითვლება.
თავისუფალი აგენტების მოსალოდნელი პრობლემა თავად „ბარსელონასაც“ შეიძლება დაუდგეს. 2025 წლის ივნისში ინიგო მარტინესის ხელშეკრულებას ვადა გასდის. 2026 წლის ივნისიდან კი თავისუფალი აგენტები ერიკ გარსია, რონალდ არაუხო, ანდრეას კრისტენსენი და ფრენკი დე იონგი ხდებიან. თუ ისინი სეზონის ბოლოს ახალ კონტრაქტებს არ გააფორმებენ, კლუბი მათ ტრანსფერზე დააყენებს.