საქართველოს ნაკრები
Aa
Aa

30 წელი პირველი ოფიციალური მატჩიდან - საქართველოს ნაკრების 7 სექტემბერი

დღეს, საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლების გათამაშებაში ჩაერთვება და პირველ ტურში მიხეილ მესხის სტადიონზე ჩეხეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. ისტორიას თუ გადავხედავთ, „ჯვაროსნებს“ 7 სექტემბერს საერთო ჯამში 5 მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც მხოლოდ 1 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს, ბურთების შეფარდება კი 3:10-ზეა.

ახალი, შედარებით უფრო მძლავრი საქართველოს ნაკრები, რომელმაც რამდენიმე თვის ჯერ ევროპის ჩემპიონატზე გასვლით, ხოლო შემდეგ ამ ტურნირის მთავარ აღმოჩენად ქცევის შემდეგ, თამასა სულ სხვა დონეზე ასწია, ალბათ სიმბოლურია, რომ ახალ ცხოვრებას ახალი მიზნებით ზუსტად იმ რიცხვსა და თვეში იწყებს, როდესაც პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა - დიახ, ზუსტად 30 წლის წინ, 1994 წლის 7 სექტემბერს, მთავარი მწვრთნელის ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით, ქართველმა ფეხბურთელებმა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ევრო 1996-ის შესარჩევ ციკლში მოლდოველებს უმასპინძლეს და 0:1 დამარცხდნენ. ჩვენი ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდის კარში პირველ ოფიციალურ შეხვედრაში გამარჯვების ბურთი იგორ ოპრეამ გაიტანა.

მომდევნო 7 სექტემბერი, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ითამაშა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში სამარცხვინო მარცხით არის შესული. დროებითი მთავარი მწვრთნელის, გაიოზ დარსაძის ხელმძღვანელობით მოთამაშე „ჯვაროსნები“ სტუმრად დანიის ეროვნულ გუნდთან 1:6 დამარცხდნენ და სანამ 2023 წელს ესპანელები თბილისში 7:1-ს არ მოგვიგებდნენ, კოპენჰაგენური კოშმარი საქართველოს ეროვნული გუნდის ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით წაგებად ითვლებოდა. იმ შეხვედრაში სტუმართა მხრიდან პრესტიჟის ბურთი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა. მასპინძელთა რიგებში დუბლი „შალკეში“ ლევან კობიაშვილის თანაგუნდელმა სორენ ლარსენმა შეასრულა, თითო გოლი კი კლაუს იენსენის, კრისტიან პოულსენის, დანიელ აგერისა და იონ დალ ტომასონის ანგარიშზეა.

2010 წლის 7 სექტემბერს, ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლში თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით მოთამაშე ქართველმა ფეხბურთელებმა თბილისში ისრაელის გუნდთან ნულოვანი ფრე ითამაშეს. ზუსტად ორი წლის შემდეგ გამართულ 2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე კი, საქართველოს ნაკრებმა თორნიკე ოქრიაშვილის ულამაზესი გოლით ბელარუსის გუნდი 1:0 დაამარცხა.

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნულმა გუნდმა 2014 წლის 7 სექტემბერს თბილისში თემურ ქეცბაიას, ხოლო ზუსტად ერთი წლის შემდეგ ანალოგიურ რიცხვსა და თვეში, დუბლინში უკვე კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით იასპარეზა. „დინამო არენაზე“ გამართულ შეხვედრაში 24-ე წუთზე აიდენ მაკგიდის გატანილი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაქვითა და როცა ყველას ეგონა, რომ გუნდები თითო ქულას აიღებდნენ, უკანასკნელ წუთზე მაკგიდმა დუბლი შეასრულა და სამი ქულის მომტანი გოლი გაიტანა. რაც შეეხება 2015 წელს ჩატარებულ თამაშს, „ავივა სთედიუმზე“ „აირიშებმა“ ჯონათან უოლტერსის ერთადერთი გოლით 1:0 გაიმარჯვეს.

დღეს ჩეხებთან მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება და საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში რიგით 289-ე შეხვედრაში 94-ე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი: რას ველით ნაკრებისგან? ჩეხეთთან ეს აღარ უნდა მოხდეს
ანალიზი: რას ველით ნაკრებისგან? ჩეხეთთან ეს აღარ უნდა მოხდეს